ირკუტსკში Су-30 სახლს დაეცა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

„სამხედრო თვითმფრინავი დაეცა ირკუტსკში საცხოვრებელ სახლს“, განაცხადა ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა იგორ კობზევმა. „წინასწარი მონაცემებით, „Су“-ს კატეგორიის თვითმფრინავი ირკუტსკში ორსართულიან სახლს დაეცა. გავდივარ ადგილზე", -  დაწერა კობზევმა სოციალურ ქსელში. Telegram-არხებზე ქვეყნდება ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ჩანს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ გაჩენილი ხანძარი. რუსეთის მედიის ცნობით, სავარაუდოდ კატასტროფა განიცადა Су-30-მა, რომელიც ავიაქარხნიდან აფრინდა, შემთხვევა კი ირკუტსკის ნოვო-ლენინოს მიკრორაიონში მოხდა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ერთი კვირის წინ, კრასნოდარის მხარის ქალაქ იეისკში Су-34 გამანადგურებელ-ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 15 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. ვარდნისას  სამხედრო თვითმფრინავი ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეხო. https://www.radiotavisupleba.ge/a/32096909.html

Source: radiotavisupleba.ge