რუსეთში დააკავეს ნავალნის 1300-ზე მეტი მხარდამჭერი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსეთის პოლიციამ, ეროვნულმა გვარდიამ და „ომონმა“ ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციები დაშალეს და 1380-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 2 თებერვალს, ღამით დაიწყო მას შემდეგ, რაც მოსკოვის ერთ-ერთმა რაიონულმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და 2,5 წლით გაგზავნა საერთო რეჟიმის კოლონიაში. სასამართლომ განაჩენი გამოიტანა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიმართვის საფუძველზე, რომლის მიხედვით, ნავალნიმ დაარღვია პირობითი სასჯელით დაკისრებული ვალდებულებები. 2 თებერვალს, სასამართლოს სხდომაზე გამოსვლისას ალექსეი ნავალნიმ მის მოწამვლასა და სისხლის სამართლებრივ დევნაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა პირადად პრეზიდენტი პუტინი. „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც გასული წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს. დასავლეთის სახელმწიფოთა ლიდერებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაგმეს სასამართლოს მიერ ალექსეი ნავალნისთვის გამოტანილი განაჩენი და რუსეთის ხელისუფლებისგან მოითხოვეს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება. https://www.radiotavisupleba.ge/a/31083407.html #ახალი_ამბები #twitter