ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა გარდაუვალი იყო?
Tbilisi Daily
სემეკის მიერ ელექტროენერგიაზე საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო სამომხმარებლო ტარიფების გაზრდა, რის შესახებ გადაწყვეტილება მარეგულირებელმა 29 დეკემბრის სხდომაზე მიიღო, გარდაუვალ ნაბიჯად მიაჩნია საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრის ხელმძღვანელს გიორგი აბულაშვილს.
მისი თქმით, ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება, შესაბამისად იზრდება იმპორტდამოკიდებულება ვინაიდან ადგილობრივი გენერაცია ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას. „ცხადია, რომ ტარიფების ზრდა გარდაუვალი იყო, როდესაც იმპორტირებულ ენერგიაზე დამოკიდებულება იზრდება“, – აცხადებს გიორგი აბულაშვილი.
ენერგეტიკოსები დადებითად აფასებენ მთავრობის გადაწყვეტილებას მიზნობრივი სუბსიდირების შესახებ, რომელიც 2021 წლის განმავლობაში განხორციელდება.
კერძოდ, საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს, ელექტროენერგიის მომხმარებლების 95%-ს, რომლებიც მოიხმარენ 300 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას, დაუსუბსიდირებს არსებულ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობას ერთი წლის განმავლობაში.
ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით ტარიფებს შორის სხვაობის 50%-იანი სუბსიდირება შეეხება კვების მრეწველობის დარგსაც. ამასთანავე, თბილისში, მცხეთასა და რუსთავში გაზრდილი წყალმომარაგების ტარიფი დაუსუბსიდირდებათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ჯამში, მთავრობის სუბსიდიით 1.6 მილიონზე მეტი მოქალაქე ისარგებლებს.
სემეკ-ის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფი, (დღგ-ს ჩათვლით) 3.5 თეთრით იზრდება. თბილისის მოსახლეობისა და კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი პირველი იანვრიდან ამოქმედდება და ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი ძალაში 2025 წლის ბოლომდე იქნება. ამასთან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ თბილისში სასმელი წყლის ტარიფის ზრდას მხარი დაუჭირა. ახალი ტარიფი 2021 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში და 2023 წლის ჩათვლით იმოქმედებს.