"ქართულმა ოცნებამ" რეკლამა "იმედსა" და "რუსთავი 2"-ში მიიტანა, "მთავარსა" და "TV პირველზე" - არა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ" ფასიანი პოლიტიკური რეკლამა "იმედში", "ჯი-დი-ეს"-ში, "პოს ტვ"-სა და "რუსთავი 2"-ში მიიტანა, "მთავარზე", "ფორმულაზე", "TV პირველსა" და "კავკასიაზე" კი არა. მონაცემები 11-30 სექტემბრის სარეკლამო ხარჯების შესახებ პარტიის 1-21 სექტემბრის პერიოდის დეკლარაციაშია ასახული. დეკლარაციის მიხედვით, ნაციონალური მაუწყებლებში, მმართველი პარტიის ხარჯები ასე გადანაწილდა: "იმედი" - 456 833 ლარი;  "რუსთავი 2" - 403 331 ლარი; "ჯი-დი-ეს" - 108 888 ლარი; "პოს ტვ" - 25 032 ლარი. "მთავარშიც, "TV პირველშიც", "ფორმულასა" და "კავკასიაშიც" მმართველმა პარტიამ უარი თქვა ფასიან რეკლამაზე, თუმცა ის იყენებს მისთვის გამოყოფილ უფასო დროს. სახელისუფლებო პარტიის გადაწყვეტილებას ტელევიზიებში ასე ხსნიან: "მთავარი": "ისედაც არ თანამშრომლობენ ჩვენთან და ალბათ, ამ მიზეზით ამბობენ სარეკლამო თანამშრომლობაზე უარს"; "TV პირველი": "მარტო თავიანთ, პროსახელისუფლებო არხებზე აქვთ რეკლამა"; "ფორმულა": "იმ არხებზე მიაქვთ რეკლამა, სადაც კომფორტულად არიან და სტუმრადაც დადიან"; "კავკასია": "რომელი ტელევიზიაც ეჯავრებათ, იქ რეკლამას არ ათავსებენ". რადიო თავისუფლება "ქართულ ოცნებას" დაუკავშირდა და მათგან ამ საკითხზე კომენტარს ელოდება. მმართველმა პარტიამ წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ახლა "რუსთავი 2"-თან თანამშრომლობის პრაქტიკაც შეცვალა. არხის მენეჯმენტის შეცვლამდე რეკლამა მხოლოდ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თავსდებოდა, ახლა კი ხელშეკრულება საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე დაიდო. რადიო თავისუფლების ზარს არც "რუსთავი 2"-ის დირექტორმა უპასუხა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30888960.html #ახალი_ამბები #twitter #არჩევნები_2020