რატომ დაიბარეს გამოკითხვაზე ანა დოლიძე
Tbilisi Daily
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, ანა დოლიძე, თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ანა დოლიძის განცხადებით საქმე ეხება ჯგუფების მხრიდან გინებისა და მუქარის ფაქტებს, რომელიც წერეთლის 105 ნომერში მოხდა.
ანა დოლიძე ამბობს იმასაც, რომ 2 კვირაა ამ მუქარის შესახებ საუბრობს, თუმცა გამოხმაურება მას შემდეგ მოყვა, რაც დაიმუქრა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავდა.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ანა დოლიძე აცხადებდა, რომ საარჩევნო კამპანიის წარმართვაში ხელს უშლიან და მოუწოდებდა NGO-ებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაინტერესებულიყვნენ საქართველოში არსებული საარჩევნო გარემოთი.
მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, მას და მის მხარდამჭერებს თბილისში, წერეთლის გამზირზე ერთ-ერთი შეხვედრისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. კერძოდ, მისი თქმით, თავს დაესხნენ ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირები, რომლებიც სექსისტურ გამონათქვამებს იყენებდნენ და მათ ტერიტორიის დატოვებასაც აიძულებდნენ.