უკრაინა კრძალავს რუსულ მუსიკას საზოგადოებრივ ადგილებსა და მედიაში
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
უკრაინის უმაღლესმა რადამ ხმათა უმრავლესობით მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს რუსული მუსიკის შესრულებას საზოგადოებრივ ადგილებში, ასევე მათ ტრანსლირებას მედიასა და ტრანსპორტში. უკრაინის რადამ ასევე გაზარდა კვოტა რადიოსადგურებსა და ტელეარხებზე უკრაინული მუსიკის ტრანსლირების შესახებ.
კანონპროექტის თანახმად, იკრძალება რუსული მუსიკალური ნაწარმოებების, მათ შორის მუსიკალური კლიპების საჯარო შესრულება და მაუწყებლობა იმ არტისტების მიერ, რომლებსაც 1991 წლის შემდეგ ჰქონდათ ან აქვთ რუსეთის მოქალაქეობა.
ნორმის დარღვევის შემთხვევაში, ტელერადიოკომპანიებს მოუწევთ სალიცენზიო მოსაკრებლის 10%-იანი ჯარიმის გადახდა.
აღნიშნული კანონი არ შეეხება იმ შემსრულებლებს, რომლებმაც დაგმეს რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.
იმისთვის, რომ მოხვდნენ გამონაკლისთა სიაში, ჩაატარონ გასტროლები უკრაინაში, კანონპროექტი არტისტებს ან მათ წარმომადგენლებს ავალდებულებს შესაბამისი განაცხადი წარუდგინონ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, დადგენილი ფორმით.
განცხადებასთან ერთად, არტისტებმა ხელი უნდა მოაწერონ დეკლარაციას, რომლის შინაარსიც გმობს აგრესიას და მოითხოვს ომის დაუყონებლივ შეწყვეტას.
გამონაკლისთა სია განთავსდება და განახლდება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის საიტზე.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31905144.html
Source: radiotavisupleba.ge