სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით ქუთაისის საკრებულოს ენმ-ის წევრები ბოიკოტს აცხადებენ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ქუთაისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მუშაობა ბოიკოტის ნიშნად შეწყვიტეს - მათი მოთხოვნა, თანაგუნდელების მსგავსად, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანაა. საკრებულოს დეპუტატებმა საკუთარი გადაწყვეტილება მედიას ბრიფინგზე გააცნეს. "მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს არის უკიდურესად მძიმე. ფიზიკურად შეუძლებელია მან ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა მიიღოს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში. ვიდრე არ მოხდება მისი გადაყვანა საზღვარგარეთ, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის საკრებულოში ბოიკოტის რეჟიმში იქნება და არ მიიღებს საკრებულოს საქმიანობაში მონაწილეობას", – განაცხადა ფრაქციის ხელმძღვანელმა, გიორგი კილაძემ. ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საჯაროდ მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლება და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. "მესამე პრეზიდენტთან მიმართებით დღეს დარღვეულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ამიტომ მივმართავთ და მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოსცეს შეწყალების აქტი, რომ გადარჩეს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე. ამით გადარჩება ჩვენი სახელმწიფოს ევროპული მომავალიც", - აცხადებს საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ხათუნა არველაძე. ქუთაისის საკრებულოში 35 წევრია, აქედან 14 ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელია, 2 წევრი ჰყავს პოლიტიკურ გაერთიანებას „გახარია საქართველოსთვის“ და ერთი „სტრატეგია აღმაშენებელს“. საკრებულოს უმრავლესობას 18 წევრით „ქართული ოცნება –დემოკრატიული საქართველო“ წარმოადგენდა, მათგან ორი „ხალხის ძალას“ შეუერთდა, თუმცა უმრავლესობის წევრად დარჩა. https://www.radiotavisupleba.ge/a/32194145.html

Source: radiotavisupleba.ge