ბრიტანული სპეცსამსახურები რამდენიმე სახელმწიფოს სადაზვერვო ოფიცრების გადამზადებას ახორციელებენ
Interworld
დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურები საუდის არაბეთის, ეგვიპტისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების დაზვერვის ოფიცრების მომზადებაში იღებენ მონაწილეობას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Declassified UK ავრცელებს.
MI5-სა (კონტრდაზვერვა) და MI6-ის (დაზვერვა) პერსონალმა 2019 წელს 11 დღიანი სწავლება ჩაატარა სხვადასხვა ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების ოფიცრებისთვის, რომელთა შორის ასევე იყვნენ იორდანიის, ომანის, ალჟირის, პაკისტანისა და ავღანეთის წარმომადგენლები.
სწავლებებს ბრიტანეთის ე.წ. ერთობლივი სადაზვერვო მომზადების ჯგუფი (JITG) აწარმოებს „ბედფორდშირის“ სამხედრო ბაზაზე და ყოველწლიურ კურსზე გამოყოფილი ადგილებისთვის მაღალი დონის კადრების შერჩევა მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, თითოეული ქვეყნისთვის მხოლოდ 1 ადგილი არის გამოყოფილი.
JITG-ის კურსი 2004 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს ისეთი ოფიცრების გადამზადებას, რომლებიც საკუთარი ქვეყნის სადაზვერვო სტრუქტურებში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობენ (ან გეგმავენ გადასვლას).
11 დღიანი პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა მაგალითად „მედიის როლი“, „უსაფრთხოების პოლიტიკა“, „სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასთან დაკავშირებული გამოწვევები“ და ა.შ.
კურსის მიმდინარეობაში მონაწილეობას იღებენ ასევე ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის უფროსი და მისი მოადგილე.
წარსულში ბრიტანეთის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ კურსი „არის შესაძლებლობა, რომელიც ე.წ. სადაზვერვო დიპლომატიის განვითარებას უწყობს ხელს და ინტერესები ყველა კონტინენტიდან მომდინარეობს“.
დურჰემის (Durham) უნივერსიტეტის დოქტორანტი მეთიუ ჯეჰსი, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით 2018 წელს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დააკავეს და 7 თვის მანძილზე მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ პირობებში იმყოფებოდა გმობს ბრიტანეთის მხრიდან საემიროების სადაზვერვო ოფიცრების დაფინანსებას და მომზადებას.
Declassified UK-თან საუბარში მან აღნიშნა, რომ ოფიციალური ლონდონი უსაფრთხოების სექტორში, საკუთარი ინტერესების შესაბამისად, მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებას უწყობს ხელს.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#UK #JITG #MI5 #MI6 #middle #east #countries #training #interworld
______________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ახალიამბები
#პოლიტიკა