რუსული „აეროფლოტი“ უცხოეთში სამგზავრო ავიარეისებს სატვირთოებად ასაღებს
Tbilisi Daily
რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტი“ ზაფხულის დასაწყისიდან რეგულარულ საერთაშორისო ავიარეისებს აწარმოებს, რითაც რუსეთის მთავრობის ოფიციალურ აკრძალვას არღვევს. ამის შესახებ რუსულ გამოცემა Ведомости-ს სამი ავიაკომპანიის, მათ შორის „აეროფლოტის“ თანამშრომლებმა განუცხადეს.
ავიაკომპანიის დაჯავშნის სისტემის თანახმად, ამჟამად ხელმისაწვდომია რეისები მოსკოვიდან პარიზის, ლონდონის, ფრანქფურტის, ნიუ-იორკის, სეულის, თელ-ავივის, ნიცის, ბარსელონისა და რომის მიმართულებით. გამოცემის ცნობით, ეს ექსკლუზიური ავიარეისებია. მათთან დაკავშირებით არანაირი რეკლამა არ ხორციელდება, ბილეთების გაყიდვა ფრენამდე ერთი კვირით ადრე იწყება, ფასი კი ჩვეულებრივზე რამდენჯერმე უფრო მაღალია.
ევროკავშირის საზღვრების ჩაკეტვის გამო ამ ბილეთების ყიდვა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს ან რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ბინადრობის უფლების მქონე რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ.
როგორც გამოცემას „აეროფლოტის“ ორმა თანამშრომელმა განუცხადა, კომპანია აკრძალვას გვერდს უვლის, ვინაიდან სამგზავრო რეისებს სატვირთოდ ასაღებს.
„საერთაშორისო სატვირთო რეისები აკრძალული არაა. ეს რეისები სატვირთოდ ფორმდება, თუმცა რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ნებართვით, მათზე ბილეთები იყიდება“, - აცხადებენ ავიაკომპანიის წარმომადგენლები.
კორონავირუსის პანდემიის გამო საერთაშორისო ავიამიმოსვლა რუსეთში მარტში შეჩერდა.