ანა ფოტიგა: მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
8 ივნისს ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე, რომლის თემა იყო საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევები და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევები, ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე. მან თქვა, რომ ამ საქმეში მრავალ ადამიანს აქვს წვლილი შეტანილი და დასძინა: „მათ შორის უმნიშვნელოვანესი პირები, ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი და დღევანდელი დებატების ობიექტი, ნიკა გვარამია, გრძნობენ რა ამ მომენტის ისტორიულ მნიშვნელობასა და ისტორიულ საფრთხეს, რომლის წინაშეც მათი ქვეყანა დგას, ახლანდელი მთავრობისადმი მათი კრიტიკის მიუხედავად მოგვმართავენ ჩვენ, საქართველოს საუკეთესო მეგობრებს თხოვნით, მივანიჭოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, არ დავტოვოთ საქართველო პოსტ-საბჭოთა ჭაობში და არ დავსაჯოთ ქართველი ხალხი პოტენციური რკინის ფარდის მიღმა დატოვებით. ნახეთ, რა ხდება უკრაინაში. მეც, როგორც წარსულში კომუნისტური რეჟიმის მოწინააღმდეგე ვგრძნობ ამას და მეც მოგიწოდებთ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას,“ განაცხადა ანა ფოტიგამ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31889574.html
Source: radiotavisupleba.ge