"შვებას არ აძლევთ ხელისუფლებას" - ხონში 3 ივლისის აქციაზე ფლაერების დარიგება გააპროტესტეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ხონში ისევე, როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხელისუფლების მხარდამჭერები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს 3 ივლისის აქციის შესახებ ფლაერების დარიგების დროს დაუპირისპირდნენ. იმერეთში მოქალაქეებთან შესახვედრად და აქციაზე "შინ ევროპისკენ" მისაწვევად დანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი, გიგი გიგიაძე და ტელეწამყვანი ირაკლი ვახტანგიშვილი ჩავიდნენ. "არ აცლით და რაფერ გააკეთებს, არ შვებით. შვებას არ აძლევთ ხელიძლებას"; "თქვენ ხართ პოლიტიკური პარტია - ასრულებთ "ნაციონალური მოძრაობის" დავალებას"; "სამოაქალაქო საზოგადოება ვართ ჩვენ, თქვენ ცოტა აცდენილები ხართ", - ეუბნებდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მოქალაქეები, რომლებიც 3 ივლისის აქციის შესახებ ფლაერების დარიგებას აპროტესტებდნენ. 3 ივლისის აქციაზე ფლაერების დარიგება გააპროტესტეს და სტუდენტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "მაღლივ კორპუსთან". გუშინ, 29 ივნისს, მოქალაქეებთან შეხვედრების დროს შეურაცხყოფა მიაყენეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩავიდნენ 3 ივლისის აქციის შესახებ ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით. 3 ივლისს თბილისში სახალხო მოძრაობის, "შინ ევროპისკენ" ორგანიზებით კიდევ ერთი აქცია გაიმართება. მანამდე კი, მოსახლეობის ინფორმირებისთვის რეგიონებში ჩადის ყველა ის ჯგუფი, რომლებიც ემხრობიან სახალხო მოძრაობის მოთხოვნებს: გადადგეს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა. შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის: ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, ქუთაისში, ჭიათურაში, დმანისში, მარნეულში, ახმეტასა და თელავში. https://www.radiotavisupleba.ge/a/31922783.html

Source: radiotavisupleba.ge