ვინ არის კაცი, რომელმაც ქართული მეღვინეობა და ვენახი განადგურებას გადაარჩინა?
Kutaisi Daily
ალექსანდრე /საშა/ სარდიონის ძე იობიძე დაიბადა ქუთაისში. რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მიზნად დაისახა მევენახეობა- მეღვინეობას გაყოლოდა. 1914 წელს ყირიმში დაამთავრა მევენახეობა-მეღვინეობის უმაღლესი საიმპერატორო სკოლა.
და ქუთაისს დაუბრუნდა. იგი გაამწესეს ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოლქის ინსტრუქტორ სპეციალისტად /გაზ. სამშობლო 27.07.1915
#122
/. მალე კვლავ ქუთაისში დაბრუნდა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა მომზადების საქმეს მოჰკიდა ხელი. შემდეგ წინანადლის მამული, გურჯაანის რაიონის სოფ. ჩუმლაყი. აქ მან პირადი ინიციატივით 50 ჰექტარზე ამერიკული საძირე ვაზის სადედე გააშენა, რომელმაც შემდგომ დიდი როლი შეასრულა კახეთის მევენახეობის აღდგენის საქმეში, რადგან ქართულ ვაზს ავადმყოფობა გაუჩნდა და საფრთხე დაემუქრა მის არსებობას.
1926 წელს იგი დაინიშნა სოხუმის ოლქის აგრონომად. 1927 წელს მისი ინიციატივით სოხუმში იქმნება მევენახეობა-მეღვინეობის განყოფილება .მიზანი ერთი იყო-აფხაზეთში აეღორძინებინათ კულტურული მევენახეობა.
ალექსანდრე იობიძე 5 წელი მარტო ცხოვრობდა გომბორის ტყეში, დადიოდა და შეუპოვრად ეძებდა კოლხური ჯიშის ვაზს. იპოვა და აღადგინა კიდეც საუკუნის წინათ დაკარგული კოლხური სახელგანთქმული „დღუნდღუშის“, „პუმპულას“, „მახვატელის“, „ზედაგის“, ამლახუს“ პირველი ლერწები. საკუთარ ნაკვეთზე გადმოიტანა და მიიღო კიდეც ის ტკბილი ღვინოები, რომლებიც ლეგენდებშია მოხსენიებული.
მე-19 საუკუნეში აფხაზეთში ორმოცამდე ადგილობრივი ჯიშის ვაზი ხარობდა. თითქმის ყველა მაღლარი იყო, მაგრამ ვაზს ავადმყოფობა გაუჩნდა და გადაშენდა. ხალხს ქონდა მხოლოდ მაღალი ვენახი-იზაბელა. 30-იანი წლბის ბოლოს ყინული გალღვა. აფხაზეთში ფეხი მოიკიდეს მთიანი რაჭიდან ჩამოსახლებულმა მცირემიწიანმა რაჭველებმა .აზრი, რომ თითქოს აფხაზეთში კლიმატური პირობების გამო ვაზის წარმოება არ შეიძლებოდა, გაქრა. რაჭველები არ შეუშინდნენ ბუნებას, მალარიას, გაჩეხეს ჩირგვნარი, ეკალბარდები, ძაღლყუნძენა და ცხოვრება დაიწყეს. სოფელს კი ახალსოფელი დაერქვა.
სწორედ მაშინ შეესხა ფრთები აგრონომ ალექსანდრე (საშა) იობიძის ოცნებას, აფხაზეთში კულტურული ვენახის ზვრების გაშენების შესახებ.
მის სანერგში გამოყვანილმა ბევრმა ჯიშმა საუკეთესო ნიადაგი ჰპოვა არა მარტო ახალსოფლის მიწაზე, არამედ მთელს აფხაზეთში. სასელექციო ნაკვეთზე მან გაამრავლა 210-ზე მეტი ჯიშის ვაზი. მათ შორის 25 აფხაზური ვაზის ჯიში /აჰარდანი, აჟშხუატა, აღბიჟი და სხვები/. მან შეისწავლა ბევრი ჯიშის აგრობიოლოგია, შეიმუშავა მათი ჯიშობრივი აგროტექნკა.
მან გაავრცელა და დანერგა აფხაზეთში შესანიშნავი ქართული ჯიშის ვაზი ჩხავერი, ეს ძველი კოლხური ჯიშის ვენახი გადაშენების გზაზე იდგა. ალექსანდრე იობიძემ გამოიყვანა დაბალი ჩხავერი, მანვე აფხაზეთის ზონისთვის გამოიყვანა ცოლიკაური და კრახუნა, აფხაზური ჯიშები-კაჭიჭი, აკასირხვა, ახარდანი, ამლახუ და სხვა.
ალ.იობიძე იყო საქართველოს სსრ დამსახურებული აგრონომი (თუმცა წუხდა, აფხაზებმა ეს წოდება ჩემთვის ვერ გამოიმეტესო). 1954 წლიდან ყოველ წელს მონაწილეობდა სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენებში, დაჯილდოებული იყო ოქროსა და ვერცხლის მედლებით. იგი შესანიშნავად ფლობდა ქართულ, რუსულ, და ფრანგულ ენებს. ზედმიწვნით იცოდა მევენახეობის ისტორია დადამიწაზე ვაზის გაჩენიდან დღემდე.
მას მუდამ გვერდით ედგა მისი აფხაზი მეუღლე, განათლებული, ერუდირებული ძაძუ მხეცაძე, რომელიც მის ყოველ წარმატებას თუ გულისტკენას იზიარებდა.
ალ. იობიძემ მთელი თავისი შეგნებული სიცოცხლე საზოგადოების სამსახურს შეალია.
მისი ერთადერთი ტრფიალი და საზრუნავი იყო ვენახი...
იგი დაკრძალულია ქუთაისში.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#საინტერესო
#პიროვნება
#ღვინო
#kutaisidaily
#ჯანსაღიცხოვრება
#ტექნოლოგიები
#მოგზაურობა
#ხელოვნება