თბილისის ინფექციური საავადმყოფო კოვიდითა და აივ შიდსით ინფიცირებულ პაციენტებს აღარ მიიღებს 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ადასტურებს, რომ კლინიკამ კოვიდითა და აივ შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება შეაჩერა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში თენგიზ ცერცვაძე გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არ არსებობას უკავშირდება. „დიახ, ვადასტურებთ, ჩვენ იძულებული ვიყავით, დღეიდან შეგვეწყვიტა „კოვიდ-19“-ით პაციენტებისა და აივ შიდსით სტაციონარული ავადმყოფების მიღება ელემენტარული, აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო. ამავე დროს, ჩვენ ამის შესახებ არაერთგზის ვაცნობეთ სამინისტროს. ისიც ვაცნობეთ, რომ ჯერჯერობით ვაგრძელებთ აივ შიდსით ამბულატორიული პაციენტების მიღებას, რადგან ამ კატეგორიის პაციენტების მომსახურების შეწყვეტა გამოიწვევდა ძალიან დიდ რყევებს. გაცილებით მეტს, ვიდრე სტაციონარული ავადმყოფების მიღების შეწყვეტა“, - განაცხადა ცერცვაძემ. ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ინფექციური საავადმყოფო აივ-პროგრამიდან გავიდა, დაჯარიმდება, რადგან თენგიზ ცერცვაძეს წინასწარი განაცხადი არ გაუკეთებია. ამასთან, ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრის დღევანდელგანცხადებასარ ეთანხმება. „რაც შეეხება ქალბატონი მინისტრის ფორმულირებას, ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამას, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მისი პასუხი არ შეესაბამება სიმართლეს და ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში შევხვდეთ ქალბატონ მინისტრს და მასთან ერთად განვიხილოთ ეს საკითხი. რეალურად საქმე შემდეგშია - ინფექციური პათოლოგიის ცენტრს რომ მუშაობა უწევდა ექსტრემალურად მძიმე, კრიტიკულ პირობებში, ამას არც ის უარყოფს, ეს ყველამ იცის. ისიც მართალია, რომ შვიდი წლის ლოდინის შემდეგ, არსებობს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ჩვენ გადმოგვცენ ახალი შენობა, არსებობს მზაობა, რომ ამ ახალ შენობაში, რომელიც არ არის დამთავრებული, სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, გაკეთდეს შესაბამისი სარემონტო სამუშაოები, ის მოვიდეს შესაბამისობაში ინფექციური პროფილის კლინიკასთან. მაგრამ, ამას დასჭირდება სულ მცირე ერთი წელი, შეიძლება, მეტიც. ამ ერთი წლის განმავლობაში, ბუნებრივია, აუცილებელია, ჩვენს ცენტრს მისი დღევანდელი განთავსების ადგილზე ჰქონდეს მინიმალური, სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობები პაციენტების მომსახურებისთვის. ჩვენ ამის შესახებ უკვე ერთი წელია, არაერთგზის მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს, განსაკუთრებით ინტენსიური იყო ჩვენი მიმართვები ბოლო თვეებში და განსაკუთრებით ინტენსიურად ბოლო ერთი თვის მანძილზე, სადაც ვთხოვდით მას, დაგვხმარებოდა გადაუდებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარებაში. მხედველობაში მაქვს საჭირო სახსრების გამოყოფა. ჩვენი მოთხოვნები, გადაუდებელი სამუშოებისთვის საჭირო სახსრების შესახებ იყო მინიმალური, ძალიან მცირე სახსრები იყო საჭირო, შედარებით მცირე, სადღაც 300 000 ლარის ფარგლებში. თვითონ სამინისტროს რეგულირების სამსახურმა ჩვენი მიმართვების საფუძველზე, ორჯერ შეამოწმა ჩვენთან არსებული სიტუაცია, ერთხელ იანვარ-თებერვალში, მეორედ 22 ივნისს და დაადასტურა ის ვითარება, რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება აუცილებელია“, - განაცხადა ცერცვაძემ. თენგიზ ცერცვაძე მკრეხელობას უწოდებს ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას, რომელიც სოციალური სააგენტოს ორი თვით ადრე გაფრთხილების გარეშე, კლინიკის მიერ პროგრამის დატოვების გამო, კანონით გათვალისწინებულ 10-პროცენტიან ჯარიმას უკავშირდება. „რაც შეეხება იმას, თუ ჩვენ პროგრამის დატოვება გვინდა, ორი თვით ადრე უნდა მიგვემართა, დავჯარიმდებოდით 10 პროცენტით და რაღაც, არ მინდა, რაიმე მკვახე სიტყვა გამოვიყენო, ეს მკრეხელობაა. მკრეხელობაა ჩვენი აქეთ არაფერში დადანაშაულება. ჩვენ პროგრამის დატოვება კიარ გვინდა, ჩვენ გვინდა, დაგვეხმარონ ამ პროგრამის შესრულებაში, ელემენტარული, მინიმალური პირობების შექმნაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ასეთ მდგომარეობაში რომ ვართ, იძულებული რომ ვართ, შევწყვიტოთ მომსახურება, ამაში ერთი პროცენტი არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა.მთლიანად, 100 პროცენტით ჯანდაცვის სამინისტროს, შესაძლოა, სხვა სტრუქტურების, შპს „ავერსის“ და სხვების პასუხისგებლობაა. ამას მე ძალიან იოლად დავამტკიცებ ნებისმიერ დროს და ნებისმეირ ფორმატში“, -განუცხადა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს. ​რაც შეეხება, ბათუმს პაციენტების მიღება, ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გრძელდება და ამ დროისთვის მკურნალობას 25 პაციენტი აგრძელებს.