საია: შსს-მ ძალადობის გამოძიება არასრულყოფილი კვალიფიკაციით დაიწყო

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საიას თვლის, რომ შს სამინისტრომ არასწორი კვალიფიკაციით დაიწყო საქმის გამოძიება გლდანის ოლქის #79-ე საარჩევნო უბანთან ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოვლენილ ძალადობასთან დაკავშირებით. „უბნის პერიმეტრზე მყოფი ერთ-ერთი პირი თავს დაესხა „პუბლიკის“ ჟურნალისტს. აღსანიშნავია, რომ ეს პირი მედიის სხვა წარმომადგენლებსაც დაუპირისპირდა და მათი მისამართით იგინებოდა. ამავე უბანთან მიმდინარე დაპირისპირების დროს, სახის არეში დაზიანება მიიღო ტვ „პირველის“ ჟურნალისტმა, ანა ახალაიამაც. შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ნივთის დაზიანების კვალიფიკაციით, რაც წარმოადგენს არასრულყოფილ კვალიფიკაციას. გამოძიება უნდა დაწყებულიყო სს კოდექსის 126-ე მუხლით - ეს არის ძალადობა და 154-ე მუხლით - ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელის შეშლა“ - აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სულხან სალაძე. საია მოუწოდებს შს სამინისტროს, რომ „დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინოს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება კენჭისყრის დღის გაშუქებისას“. ორგანიზაციის ინფორმაციით, გლდანის ოლქის #79-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე მომხდარი ძალადობის კიდევ ერთი ფაქტის შემთხვევაში, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ჯერჯერობით დაუდგენელ დამკვირვებლები და სავარაუდოდ „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები. საია აცხადებს ასევე, რომ დღის პირველ ნახევარში გამოვლენილი დარღვევები ტენდენციის სახით დღის მეორე მეორე ნახევარშიც გამოვლინდა. ეს შეეხება კენჭისყრის ფარულობის დარღვევას, ამომრჩევლის ნების კონტროლსა თუ დამკვირვებლების უფლებამოსილების ხელშეშლას.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30922932.html #ახალი_ამბები #twitter