ნამუშევარი საათების ანაზღაურება უცვლელი რჩება ყველა თანამშრომლისთვის - ბორჯომის N1 ქარხნის დირექტორის განცხადება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბორჯომის ჩამომსხმელი ორი ქარხნის თანამშრომელთა გაფიცვას განცხადებით გამოეხმაურა ბორჯომის ჩამომსხმელი N1 ქარხნის დირექტორი, მერაბ ახმეტელი. მისი სიტყვებით უცვლელი დარჩა დასაქმებულთა სახელფასო განაკვეთი, შეიცვალა მხოლოდ არასამუშაო საათების დაანგარიშების სისტემა, ნამუშევარი საათების ანაზღაურება უცვლელი რჩება ყველა თანამშრომლისთვის. მერაბ ახმეტელის თანამხად „კომპანია არის ურთულეს ვითარებაში, გაყინულია ანგარიშები, შეჩერებულია წარმოება და ექსპორტის 80%-ზე მეტი“. აღნიშნულ ვითარებაში კი, კრიზისის გათვალისწინებით, ხელფასების 25%-იან ზრდაზე საუბარი არარეალური მოთხოვნა და მიზანმიმართული მცდელობაა, რომ დაზიანდეს ისედაც მინიმუმამდე დაყვანილი წარმოების პროცესი და დასაქმებული ადამიანები“ მისივე სიტყვებით ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში ამჟამად დასაქმებულია 630 ადამიანი „გაფიცვაში კი მონაწილეობს თანამშრომლების მხოლოდ ნაწილი“ გაფიცული თანამშრომლების უფლებების დამცველი პროფკავშირული გაერთიანება „ლაბორის“ თავმჯდომარის გიორგი დასამიძის ინფორმაციით გაფიცვაში 400-მდე თანამშრომლეი მონაწილეობს.   ის ჩამოთვლის, კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" კუთვნილ ორი ჩამომსხმელ ქარხანაში დასაქმებულთა მოთხოვნებს: უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა; ძველ კონტრაქტებზე დაბრუნება და ხელფასების 25%-ით მომატება. ასევე იძულებაში, ზეწოლასა და შანტაჟში შემჩნეული ცალკეული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება; ვადიანი ხელშეკრულებების უვადო ხელშეკრულებებზე გადასვლა; კოლექტიური შეთანხმების გაფორმება. ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომელთა გაფიცცა უსდეგოდ დასრულებული მედიააციის პროცესის შემდგე დაიწყო. მინერალური წყლების კომპანია ბორჯომის მოსახლეობის დასაქმების მთავარი წყაროა. გარდა ამისა, ბორჯომის ქარხნიდან ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად 12 მილიონ ლარამდე თანხა შედიოდა. ადგილობრივ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქარხნების გაჩერება, არამარტო იქ დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტს მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. „ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს Alfa Group-ი, რომლის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია. „ბორჯომის“ ჩამომსხმელმა ორივე ქარხანამ 29 აპრილიდან დროებით შეაჩერა მუშაობა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო. ქარხნიდან დაითხოვეს 49 თანამშრომელი. 1000-მდე დასაქმებული კი კომპანიის ხელმძღვანელობასთან მედიაციის პროცესში ჩაერთო. კომპანიამ შექმნილი კრიზისის არგუმენტით მათ ხელშეკრულებების შეცვლილი პირობები შესთავაზა, რაზე ხელმოწერასაც თანამშრომლების დიდი ნაწილი მხოლოდ იმ პირობით აპირებდა, თუ გარანტიებს მიიღებდნენ, რომ კომპანიის საქმიანობის აღდგენის შემდეგ ძველ ხელშეკრულებებს დაუბრუნდებოდნენ. 19 მაისს „IDS​ ბორჯომის“ მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას შესთავაზა წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემა. ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ წინადადებას სწავლობენ, მოგვიანებით მის პირობებს შესასწავლად მიაწვდიან იუსტიციის სამინისტროსაც და მხოლოდ ამის შემდეგ გასაჯაროვდება ინფორმაცია. 21 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან აღნიშნა, რომ კომპანია "ბორჯომის" წილს საქართველოს საჩუქრად გადასცემენ და ოპერირებაში პრობლემა აღარ შეექმნებათ. „პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდა მმართველ კომპანიასთან, მფლობელებთანაც, საკითხი ყველასთან გავიარეთ. არის შემოთავაზება, რომ სახელმწიფოს ჩუქნიან წილს, რომელიც, უხეშად რომ ვთქვათ, წილი 100 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება და მთავრობის მომდევნო სხდომაზე ამ ყველაფერს დავამტკიცებთ. ასე რომ, „ბორჯომს“ ოპერირებაში პრობლემა არ ექნება და ჩვენი საამაყო ბრენდი გააგრძელებს მუშაობას. ყველა დასაქმებული თანამშრომელი მშვიდად უნდა იყოს. მინდა თანამშრომლებს მივმართო, რომ პრობლემა ამოწურული იქნება“, - განაცხადა პრემიერმა. „ბორჯომს“ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რამდენიმე მფლობელი ჰყავდა. 1995-2002 წლებში ეს იყო მამუკა ხაზარაძის "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია". "ბორჯომის" შემდგომი მფლობელი, 2002 -2012 წლებში, იყო ბიზნესმენების, ბადრი პატარკაციშვილისა და ბორის ბერეზოვსკის კომპანია „სელფორდი". ამჟამად კომპანიის საკონტროლო პაკეტს, 60% -იან წილს ფლობს მიხაილ ფრიდმანის "ალფა ჯგუფი", 40%-ს კი - პატარკაციშვილების ოჯახი. https://www.radiotavisupleba.ge/a/31876735.html

Source: radiotavisupleba.ge