აღასრულეთ საგანგებო რეჟიმი ყველას მიმართ, დისკრიმინაციის გარეშე - ევანგელისტური ეკლესია

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141810 საქართველოს ევანგელური ეკლესია ხელისუფლებას მიმართავს, აღასრულოს მის მიერვე შემოღებული საგანგებო მდგოამრეობის რეჟიმი ყველა რელიგიური ჯგუფის მიმართ თანაბრად, დისკრიმინაციის გარეშე. ევანგელური ეკლესიის განცხადებაში წერია: "საქართველოს ევანგელურმა ეკლესიებმა გამოიჩინეს მაღალი სამოქალაქო და სულიერი პასუხისმგებლობა, შეცვალეს რა ღვთისმსახურების ფორმა, რაც პირდაპირ შეესაბამება უფლის მცნებებს: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი” (მთ 22:39) და: "არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი” (მთ 4:7). ამავე დროს, აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია გარკვეული რელიგიური მოღვაწეების მხრიდან ჩვენს ამ ყოველმხრივ მართებულ საქციელზე მცირედმორწმუნეობისა თუ შიშის იარლიყის მიწებება. შესაბამისად, ვაცხადებთ, რომ ეპიდემიის შესაძლო მასიურ გავრცელებაზე ჩვენს ქვეყანაში, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ რელიგიურ მოღვაწეს, რომელმაც არ გაითვალისწინა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხე და არ დაემორჩილა მიღებულ საგანგებო წესებს. მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყოს მის მიერვე მიღებული საგანგებო რეჟიმის წესების აღსრულება ყველა რელიგიის მიმართებაში ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. აგრეთვე მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მაქსიმალურად მოერიდოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს - იქნება ეს ტაძრები, სამლოცველო სახლები თუ მეჩეთები - ეპიდემიის საფრთხის გადავლამდე, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ ვითარებაში მხოლოდ ასეთი მიდგომა წარმოაჩენს წრფელ სიყვარულს ღვთისა და მოყვასისადმი. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!", - აცხადებს ევანგელური ეკლესია.