დავითულიანი: ორგანიზატორები ენმ-სთან აფილირებული იყვნენ, თუმცა აქცია - არაპოლიტიკური
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" ბექა დავითულიანი ამბობს, რომ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც გუშინ, 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ გაიმართა მათი პარტიის მხარდამჭერებიც იყვნენ მისული. მმართველი პარტიის ლიდერები ამბობდნენ, რომ ეს "ნაციონალური მოძრაობის" აქცია იყო.
"მოსახლეობის 80 პროცენტი არის ევროპასთან ინტეგრაციის მომხრე და რა თქმა უნდა, აქციაზე იყვნენ გასულები ადამიანები, ვინც სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები არიან, მათ შორის ჩემი მეგობრებიც, ვინც "ქართული ოცნების" ამომრჩევლები არიან, იმ გზავნილის გასაგზავნად, რომ საქართველო არის და იმსახურებს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას.
აქციის ორგანიზატორები, რა თქმა უნდა, იყვნენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" აფილირებული ადამიანები, თუმცა, აქცია იყო წარმოდგენილი და პოზიციონირებული, როგორც აპოლიტიკური, ისინიც და ყველა მიხვდა, რომ პოლიტიკოსების მისვლა მხოლოდ დისკრედიტაციას ახდენს ნებისმიერი ღონისძიების. შესაბამისად, იქ პოლიტიკოსები არ იყვნენ, იყვნენ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან აფილირებული ადამიანები, ორგანიზატორებს ვგულისხმობ", - თქვა ბექა დავითულიანმა საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31907725.html
Source: radiotavisupleba.ge