ოკუპირებულ ცხინვალში უკრაინიდან ჩამოსვენებული სამხედრო დაასაფლავეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბოლო ორ დღეში ოთხი სამხედროს დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი. 2 ივნისს დაკრძალეს უკრაინის ომში მოხალისედ წასული ალან ბაგაევი. მის გასვენებაში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. ინფორმაციას ოსური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.
დე ფაქტო რესპუბლიკის პრესსამსახურის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.
„გულის ტკივილით ქედს ვიხრი იმ გმირის ოჯახის წინაშე, რომელმაც ურყევი სიმამაცე და ვაჟკაცობა გამოიჩინა უკრაინაში სპეცოპერაციის დროს. ჩვენ უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ იმ მეომარს, რომელმაც ყველაზე ძვირფასი - თავისი სიცოცხლე - გაიღო ჩვენი მშვიდობიანი მომავლისთვის...
ჩვენთვის ტრაგიკულია თუნდაც ერთი ადამიანის დაკარგვა. ღმერთმა ქნას, აღარ იყოს სამწუხარო ამბავი და ჩვენი ბიჭები ცოცხლები დაბრუნდნენ სახლში“, - განაცხადა მან.
დე ფაქტო პრეზიდენტის ბრძანებულებით, ალან ბაგაევი დაჯილდოვდა მედლით "სამშობლოს დამცველი".
ოფიციალური ინფორმაციით, ბაგაევი მე-13 მებრძოლია, რომელიც უკრაინის ომში დაიღუპა.
2 ივნისის დილით კი ცხინვალში კიდევ ერთი ტრაგიკული ცნობა გავრცელდა. უკრაინაში, ომში დაიღუპა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საბრძოლველად წასული კიდევ ორი სამხედრო, ალან დუდაევი და ოლეგ ალბოროვი, იუწყება სააგენტო „რეს“-ი სოციალური ქსელების მომხმარებლებზე დაყრდნობით.
“სროლისგან თავის არიდებისას, ოსეთიდან წასული მებრძოლები ავტოავარიაში მოყვნენ. ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია, ორი დაიღუპა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
1 ივნისს ცხინვალში დაკრძალეს უკრაინიდან ჩამოსვენებული როლანდ ცხოვრებოვი, ის უკრაინაში საბრძოლველად მოხალისედ წავიდა. მანამდე საომარ მოქმედებებს ემსხვერპლნენ აცამაზ ჯიოევი, აცამაზ ბესტაევი, როლანდ ცხოვრებოვი, ალან გაბაევი, ალან თედეევი, ალიმ ლოხოვი, ინალ კორტიევი, ანდერი ბაკაევი, რუსლან ბესაევი და რუსლან კაზიევი.
ოსური საზოგადოების დამოკიდებულება უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად წასული სამხედროების მიმართ ორაზროვანია: ზოგი მათ გმირებად მიიჩნევს, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა კაცების ომში გაგზავნა პატარა ხალხის განადგურებას უტოლდება. სოციალურ ქსელებში ზოგიერთმა კომენტატორმა ამ ფაქტს „ერის კასტრაციაც“ კი უწოდა.
მანამდე რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები, რომლებიც მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში ორ ეტაპად გაამგზავრეს. 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა.
მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.
მე-4 სამხედრო ბაზის დაახლოებით 5000 სამხედრო მოსამსახურიდან, უმეტესობა ადგილობრივი მაცხოვრებელია და არაოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 80 პროცენტი ახლა უკრაინის ომშია.
გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის „ეფესბეს“ სასაზღვრო სამსახურის დანაყოფი რომელიც ე.წ. საზღვრის მოწყობით და კონტროლით არის დაკავებული ცხინვალის რეგიონში, 1200 სამხედროს ითვლის. გავრცელებული ინფორმაციით, „ეფესბეს“ კონტინგენტიდან ადგილზე ნახევარზე ნაკლებია დარჩენილი. ე.წ. მესაზღვრეები პერიოდულად ჩნდებიან საოკუპაციო ხაზთან და იქ არსებულ ინფრასტრუქტურას აახლებენ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31880755.html
Source: radiotavisupleba.ge