TDI ეხმიანება ზაზა აბაშიძის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას
Marneuli Daily
TDI ეხმიანება ზაზა აბაშიძის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას.
ამის შესახებ ინფორმაცია მათ ოფიციალურ გვერდზეა გავრცელებული.
"სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ შეშფოთებას გამოხატავს სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა (ზაალ) აბაშიძის, მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული ეთნიკური სიძულვილის შემცველი კომენტარის გამო.
მარნეულსა და ბოლნისში საკარანტინო ზონის გამოცხადებას საზოგადოების მხრიდან მოჰყვა აგრესია ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ, რის შესახებ პლატფორმამ უკვე გააკეთა განცხადება და მოუწოდა მედიას, პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს არადისკრიმინაციული ინფორმაციის გავრცელებისა და ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერისკენ.
სამწუხაროდ, აგრესიის ტალღა კვლავაც გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა აბაშიძის, პირადი ფეისბუქ პროფილით გაკეთდა კომენტარი, რომლის თანახმადაც მარნეულის სოფლის მაცხოვრებლები უნდა „ჩაკეტონ და ამოხოცონ“, რასაც თან ერთვის გინება. კიდევ ერთ კომენტარში ზაზა აბაშიძემ მარნეულელებს ვირუსის პოტენციური გამავრცელებლები, მკვლელები უწოდა, აგინა მათ და გაიმეორა, რომ ისინი უნდა გამოკეტონ.
გარდა ამისა, სოფელ მუშევანის მოსახლეობასა და ექიმებს შორის დაპირისპირებაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, განაცხადა, რომ, მისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, თითქოს ადგილობრივი მოლა და მუფთი „ცუდ როლს თამაშობენ“ საკარანტინო ზონაში. მოგვიანებით ამირან გამყრელიძემ ბოდიში მოიხადა ამ სიტყვებისათვის და განმარტა, რომ მისი მთავარი გზავნილი იყო ეთნიკური უმცირესობისათვის გასაგებ ენაზე ვირუსის შესახებ ცნობიერების, საგანმანათლებლო ურთიერთობის გაძლიერება, რელიგიური ლიდერებისა და ადგილობრივი საჯარო პირების მეტი ჩართულობით.
ამ ყველაფრის გამო მოვუწოდებთ:
საქართველოს მთავრობას/საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, დაუყოვნებლივ განიხილონ ზაზა აბაშიძის დაკავებული თანამდებობიდან მოხსნის საკითხი;
ხელისუფლების წარმომადგენლებს, გააკეთონ ცხადი გზავნილები ქსენოფობიური ტალღის წინააღმდეგ და ჰქონდეთ რეაგირება თითოეულ ასეთ შემთხვევაზე, მათ შორის საჯარო მოხელეების მიერ სიძულვილის ენის გამოყენებაზე;
საჯარო პირებსა და პოლიტიკოსებს, გააკეთონ თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებები და ამით წვლილი შეიტანონ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საზოგადოებრივ ინტეგრაციაში."- წერია განცხადებაში.
#ქსენიფობია
#უმცირესობა
#
MarneuliDaily
#marneulidaily