"არანაირი დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა" - გომელაური გახარიაზე

Tbilisi Daily

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ მასსა და გიორგი გახარიას შორის არანაირი დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. გომელაურის თქმით, გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დაპირისპირებას არ ნიშნავს. "არანაირი დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა, არც ახლა არის, რა თქმა უნდა. აზრთა სხვადასხვაობა გუნდში თუ იყო, ეს არ ნიშნავს დაპირისპირებას, პირიქით, ჯანმრთელი და სწორია, უნდა იყოს კითხვები და სხვადასხვა აზრები გუნდში" - თქვა გომელაურმა. კითხვაზე, იცოდა თუ არა, რომ გიორგი გახარია გადადგომას აპირებდა, შსს მინისტრი ამბობს, რომ იცოდა, რადგან მასთან კარგი ურთიერთობა აქვს. "როგორ წარმოგიდგენიათ, შინაგან საქმეთა მინისტრმა არ იცის განცხადებამდე პრემიერის გადადგომის თემა? ნორმალური იქნებოდა? მით უმეტეს, კარგი ურთიერთობა მქონდა გახარიასთან და ახლაც მაქვს. როგორ შეიძლება ადამიანთან როცა მეგობრობ და ახლოს ხარ, არ გითხრას, რომ უნდა გადადგეს, ელემენტარული პატივისცემაა" - განაცხადა გომელაურმა. შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. მისი თქმით, კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მისთვის მიუღებელია. მისივე განცხადებით, ამ საკითხში გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები