სიმფეროპოლში აფეთქებების ხმა ისმის. ნოვოსიბირსკში კი ცეცხლი გაუჩნდა სამხედრო თვითმფრინავს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსეთის მიერ ანექსირებულ სიმფეროპოლში 15 დეკემბერს აფეთქებები ისმოდა. როგორც ტელეგრამის არხი "NP/სიმფეროპოლი“ იუწყება, სულ დაფიქსირდა 10 აფეთქების ხმა. წყაროების თანახმად, ხმები შეიძლება დაკავშირებული იყოს რუსეთის არმიის სამხედრო წვრთნებთან, რომელიც პერევალნოეში მიმდინარეობს.
ანექსირებული ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლებას ტელეგრამის არხის ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
დღესვე უკრაინულმა საინფორმაციო სააგენტო "უნიანმა" გაავრცელა ცნობა და შესაბამისი ვიდეო, რომელზეც ჩანს ალმოდებული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан-12БК-ი.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, სამხედრო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა ნოვოსიბირსკში მდებარე "ტოლმაჩევოს" აეროდრომზე. მიწაზე დაფრენის დროს აალდა თვითმფრინავის მეოთხე ძრავა, რის შედეგადაც ცეცხლი ერთ-ერთ ფრთას მოედო.
იუწყებიან, რომ ხანძარი ჩააქრეს. ინციდენტის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გავრცელებულა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32177970.html
Source: radiotavisupleba.ge