"პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია" - მიტროპოლიტი დიმიტრი
Tbilisi Daily
"ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია, ყველას გვახსოვს, მოზრდილ ასაკში სკოლაში, საბავშვო ბაღში, ყველაგან გვცრიდნენ და ეს იყო არა შემთხვევით, არამედ წინა, ძალიან მკაცრი პანდემიებით გამოწვეული. მინდა გითხრათ, რომ მთელი საუკუნეების გამოცდილებით, ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია, ამაზე უკეთესი შესაძლებლობა არ არსებობს, ბიბლია გვასწავლის: გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ და სცანით ჭეშმარიტება".
ეს განცხადება დღეს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა - დიმიტრიმ ნათლისღების წირვაზე, ქადაგებისას ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გააკეთა.
"რამდენიმე ხნის წინ, საბერძნეთის ერთ-ერთი მღვდელმთავარი, რომელიც ადრე, საერო ცხოვრების დროს ამერიკის კოსმოსურ სააგენტო ნასა-ში მოღვაწეობდა, არის პროფესიით გამორჩეული ექიმი და პროფესორი, თავის პუბლიკაციაში წერდა, რომ ელადის წმინდა სინოდმა დაავალა, შეესწავლა, რამდენად უსაფრთხოა ეს ვაქცინა ადამიანის რელიგიური ცხოვრებისთვის. ის ამბობს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არანაირი საფრთხე ამ ვაქცინაში, რელიგიის კუთხით, არ არსებობსო. მინდა, რომ ეს ასე იყოს და ღვთის მადლით ასეც იქნება" - დაამატა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს
#GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები