ინგა გრიგოლია: ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის ჩემ გადაცემაში მოსვლაზე უარს იტყოდა

Tbilisi Daily

ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ, დღევანდელი ,,რეაქციის" ეთერში განაცხადა, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ თბილისის მერი, კახა კალაძე მის გადაცემაში სტუმრობაზე უარს იტყოდა. ,,გულწრფელად გეტყვით, დღეს, როგორც არასდროს, ისე მინდოდა მაგალითად, მერის პასუხები, ხელისუფლების პასუხები, იქნებ ჩვენ ვცდებით რაღაცაში, იქნებ აქვთ არგუმენტები ამ სისასტიკის მიღმა. ვინმეს რომ მოვეკალი წინა ცხოვრებაში, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ კახა კალაძე ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი გახდებოდა და ის უარს იტყოდა, მოსულიყო ჩემს გადაცემაში. ან რომელიმე სხვა, თუნდაც ძალიან კრიტიკულ გადაცემაში. შეიძლება გაგეღიმოთ, მაგრამ ეს ჩემი გულწრფელი ნათქვამია. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ დღეს მე გადაცემა ისე წამეყვანა, რომ მერის პახუსები არ მქონოდა", - განაცხადა ინგა გრიგოლიამ. ,,რეაქცია", თბილისში, აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებს ეძღვნება. ცნობისთვის, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დღეს დაიწყო, რასაც მოსახლეობის მხრიდან დაპირისპირება მოჰყვა, შემთხვევის დროს რამდენიმე პირი დააკავეს. მომხდარს თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა და ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკანონოდ მითვისებულ ტერიტორიაზე დემონტაჟს მხოლოდ მშენებარე ობიექტები დაექვემდებარა.