ლისიჩანსკის მცხოვრებთ მოუწოდეს, ქალაქი სასწრაფოდ დატოვონ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
უკრაინის ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკის მცხოვრებთ სასწრაფოდ ევაკუაციისკენ მოუწოდა ადგილობრივი საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ჰაიდაიმ. ის ტელეგრამ-არხზე წერს, რომ ქალაქში ურთულესი სიტუაციაა და მოქალაქეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რეალური საფრთხე ემუქრება.
ჰაიდაი ლისიჩანსკის მცხოვრებთ მიმართავს, რომ ევაკუირებულებზე უკრაინის ტერიტორიაზე, სხვა ქალაქებში იზრუნებენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, ლისიჩანსკის რაიონში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება და რუსეთის სამხედრო ძალები ცდილობენ სამხრეთიდან ქალაქის დაბლოკვას.
ლისიჩანსკი ესაზღვრება ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს, ქალაქ სევეროდონეცკს. გასულ კვირაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სევეროდონეცკზე სრული კონტროლი დაამყარა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31916818.html
Source: radiotavisupleba.ge