საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ინფიცირების გამო ზოგ ოლქში ხელახალი კენჭისყრა მიმდინარეობს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გორი-კასპის საარჩევნო ოლქის სხვადასხვა უბნებზე, კორონავირუსის შემთხვევების გამო, კომისიების შემადგენლობა იცვლება. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მალხაზ მირუაშვილს თქმით, უკანასკნელი ორი დღეა კომისიებში წევრთა ნაწილის ინფიცირების გამო, ამ კომისიების ხელახლა დაკომპლექტება უწევთ.
სოფელ მერეთის ორ საარჩევნო უბანში კომისიის წევრის ინფიცირების გამო, მასთან კონტაქტში მყოფი კომისიის სხვა წევრები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. მსგავსი ვითარებაა ძევერის, ტინისხიდის, კარალეთის და ვოლოგდის დასახლების საარჩევნო უბნებშიც.
ვოლოგდის დასახლების საარჩევნო უბანში კორონავირუსი კომისიის თავმჯდომარეს, მდივანს და კომისიის ორ წევრს დაუდასტურდა. ტინისხიდში კომისიის 3 წევრი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. სოფელ მერეთის ორივე საარჩევნო უბანში კოვიდ-19 ის შემთხვევები დადასტურა, კერძოდ, გუგუტიანთკარსა და კოშკაში კორონავირუსი კომისიის მდივანს დაუდასტურდა. კარალეთის უბანზე - კომისიის წევრები დაინფიცირდნენ.
როგორც მალხაზ მირუაშვილი ამბობს, ხშირ შემთხვევაში კომისიის ერთი წევრის ინფიცირების გამო, თვითიზოლაციაში სხვა წევრები გადაჰყავთ, ამიტომ, წევრებს ხელახლა ირჩევენ. კორონავირუსით ინფიცირების გამო ათამდე კომისიაში წევრების ხელახალი არჩევნები მიმდინარეობს.
საქართველოში არჩევნები კორონავირუსის პირობებში 31 ოქტომბერს ტარდება. თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების მხოლოდ ის ნაწილი შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაში იყო რეგისტრირებული და ცესკოს დამატებით სიებში დარეგისტრირდა.
ბოლო რამდენიმე დღეა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 1900-ს არ აღემატებოდა. მათ შორის ბოლო დღე-ღამეში 1 731 პირი დაინფიცირდა.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 33 858 შემთხვევა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა 2197 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 14 829.
დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 15 პაციენტის გარდაცვალება. აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 253 ადამიანი.
ასევე ნახეთ: ამირან გამყრელიძე: არჩევნების პროცესი იქნება საკმაოდ უსაფრთხო. უნდა მოვიხადოთ მოქალაქეობრივი ვალი
გახარია: პანდემია გადაივლის, თუმცა არჩევნები ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საფუძველია
უსაფრთხოება კენჭისყრის დროს - სად რა წესები იმოქმედებს
https://www.radiotavisupleba.ge/a/30917102.html
#ახალი_ამბები
#twitter