მსხვერპლი მოჰყვა ირანის რკინიგზაზე მომხდარ კატასტროფას
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა ირანის ქალაქ ტებესთან მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი მედიასაშუალებები იუწყებიან.
წინასწარი ინფორმაციით, სამგზავრო მატარებელი ექსკავატორს შეეჯახა და რელსებიდან გადავიდა. კატასტროფა გვიან ღამით მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, როგორ აღმოჩნდა ექსკავატორი რკინიგზის მახლობლად. მატარებელში 350-მდე მგზავრი იმყოფებოდა.
ირანის რკინიგზაზე ყველაზე მასშტაბური კატასტროფა 2004 წელს მოხდა, როცა საწვავით, ქიმიკატებით და ბამბით დატვირთული მატარებელი ქალაქ ნიშაპურის მახლობლად რელსებიდან გადავიდა. სარკინიგზო კატასტროფამ ნგრევა გამოიწვია რამდენიმე ახლომდებარე სოფელში. დაიღუპა 320 ადამიანი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31888587.html
Source: radiotavisupleba.ge