დონალდ ტრამპმა G7-ის სამიტი გადადო

Tbilisi Daily

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტი შემოდგომამდე გადადო და მასზე ოთხი ქვეყნის - რუსეთის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ინდოეთის მიწვევის სურვილი გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „სამიტი გადაიდო, ვინაიდან მე არ ვგრძნობ, რომ „დიდი შვიდეული“ სწორად აფასებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. სამიტის ეს ფორმატი მოძველდა“, - განაცხადა ტრამპმა. „დიდი შვიდეულის“ წლევანდელი სამიტი ივნისში, აშშ-ში უნდა გამართულიყო. პანდემიის გამო შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა შემდეგ თეთრმა სახლმა ივნისის ბოლოს სამიტის აშშ-ში ჩატარების სურვილი გამოთქვა. აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ სამიტის ჩატარება პანდემიის შემდეგ ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნების შესანიშნავი მაგალითი იქნებოდა.