ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების წერილი პოლიტიკოსებს.
Marneuli Daily
დღეს, სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ინიციატივით სოციალურ ქსელში გავრცელდა წერილი, სადაც მიმართავენ პოლიტიკოსებს თავიანთი საჭიროების შესახებ. წარმოგიდგენთ წერილს.
" პატივცემულო პოლიტიკოსებო,
ჩვენ ვართ საქართველოს აზერბაიჯანული და სომხური თემის წარმომადგენელი ახალგაზრდები. ჩვენი, როგორც ამ ქვეყნის მომავალი თაობის, უმთავრესი მიზანია დემოკრატიულ, მრავალფეროვან და თავისუფალ საქართველოში ცხოვრება. ჩვენ განათლების მიღების, სამოქალაქო აქტივიზმის და ნებისმიერი სხვა საქმიანობის პროცესში ამ პრინციპებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ და გარშემომყოფთაგანაც ამ პრინციპების დაცვას ველით. მიგვაჩნია, რომ წარმატებული საქართველოს ფორმულა სწორედ რომ ამ პრინციპების დაცვაშია.
ჩვენის დაკვირვებით, ხშირად, ყოველდღიურ პოლიტიკურ რუტინაში ახალგაზრდების ავთენტური ხმები იკარგება ან პოლიტიკოსების ყურადღების მიღმა რჩება. ამ წერილის მიზანი სწორედ რომ რეგიონებიდან და სოფლებიდან ჩვენი ხმების თქვენამდე მოწვდენაა, რათა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ახალგაზრდებსა და პოლიტიკოსებს შორის შედგეს გულწრფელი და ნამდვილი კომუნიკაცია და ერთად გავუმკლავდეთ ჩვენი ქვეყნის გამოწვევებს.
წინასაარჩევნოდ, პოლიტიკოსები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ვიზიტებით და სტუმრობით გვანებივრებთ, რათა საქართველოს მოსახლეობას გააცნოთ თქვენი საარჩევნო პროგრამა და სამოქმედო გეგმები. ვისურვებდით, რომ ვიდრე საარჩევნო კამპანიას დაიწყებდეთ, გაგაცნოთ ჩვენი საჭიროებები და წუხილები, რათა თქვენს საქმიანობაში ჩვენი ხმებიც აისახოს.
პოლიტიკური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა საარჩევნო კამპანიების და პროგრამების დაგეგმვის დროს არ ითვალისწინებს საქართველოს ახალგაზრდების საჭიროებებს და ხშირ შემთხვევაში ყურადღების მიღმა რჩება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების საჭიროებები. პენსიებზე, სოციალურ დახმარებებზე და კომუნალურ გადასახადებზე გაკეთებული განცხადებების პარალელურად, სამწუხაროდ, არ გვესმის ჯანსაღი და კრიტიკული საუბარი ახალგაზრდების კონკრეტული საჭიროებების მოგვარების გზებზე.
შესაბამისად, გთავაზობთ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალს, რომლებიც, სასურველია, აისახოს თქვენს საარჩევნო პროგრამებსა და კამპანიებში:
1. სასურველია პარტიების მიერ წარმოდგენილ საარჩევნო პროგრამებში, ახალგაზრდობის საკითხი ცალკე იყოს გამოყოფილი რათა ახალგაზრდებმა მარტივად შევძლოთ თქვენი ხედვების გაცნობა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით;
2. განათლება: სასურველია გაგვიზიაროთ, თუ როგორ გეგმავთ განათლების პოლიტიკის შეცვლას. საკითხის სიმწვავესთან დაკავშირებით საინტერესოა თქვენი სტრატეგია და კონკრეტული სამოქმედო გეგმა განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად;
3. ახალგაზრდების პოლიტიკური მონაწილეობა: ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ და გავეცნოთ თქვენს მოსაზრებებს, თუ რა სიღრმისეული მიზეზები იწვევს ახალგაზრდების ნიჰილიზმს ამასთანავე, რა კონკრეტული ნაბიჯებით გეგმავთ თქვენს ორგანიზაციებში ახალგაზრდების ხმების გაძლიერებას;
4. ახალგაზრდების დასაქმება: გვესმის, რომ დასაქმების საკითხის სრულყოფილად მოგვარება და უმუშევრობის საკითხის არსებითად გადაჭრა მხოლოდ სახელმწიფოს მოსაგვარებელი საკითხი არ არის. თუმცა, ჩვენთვის - ახალგაზრდებისთვის საინტერესოა, თუ რა ინიციატივები, გეგმები და შეხედულებები გაქვთ, რათა ახალგაზრდების დასაქმება საქართველოში იყოს პრიორიტეტული და განსაკუთრებით მხარი დაუჭიროთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებლებს და წარმატებულ წინსვლას იმსახურებენ;
5. სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესი და ენის ბარიერი: ბოლო 30 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა, ჩვენი შეფასებით, სიღრმისეული და არსებითი გამოწვევები ჯერ კიდევ გადაუჭრელია. ჯერ კიდევ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია ექსკლუზიურად ეთნიკური უმცირესობების პრობლემად არის დანახული, ხოლო საქართველოს ეროვნულ საკითხებზე და გამოწვევებზე უმცირესობების წარმომადგენელი თანამოქალაქეების საჯარო პოზიციონირება სუსტია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის კრიტიკულად საინტერესოა, თუ როგორ აპირებთ ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარი ენის ბარიერის მოხსნას;
6. ევროპული ღირებულებების დამკვიდრება და პოპულარიზაცია: უმეტესწილად, პოლიტიკური პარტია/გაერთიანება კმაყოფილდება იმით, რომ იგი დეკლარირებულად პროდასავლური რიტორიკით და ტერმინოლოგიით საუბრობს. ჩვენთვის უფრო საინტერესოა, თუ სიღრმისეულად და შინაარსობრივად რას გეგმავთ ჩვენს საზოგადოებაში ანტიდასავლური სენტიმენტების გასაქრობად;
7. ძალადობა ახალგაზრდებს შორის: ჩვენი შეფასებით, სიღარიბე, უხარისხო განათლება და ნორმად ქცეული ძალადობა ჩვენ - ახალგაზრდებს გვაკარგვინებს მომავლის იმედს. სისტემური გამოწვევები და კულტურული ნორმები ხშირად გვაფიქრებინებს, რომ არსებულ სიტუაციაში ძალადობის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. სამწუხაროდ, ეს შეხედულებები მომძლავრებულია ჩვენს სანაცნობოში და გარემოშიც, რისი ტრანსფორმაციაც ბავშვებზე მზრუნველი განათლების სისტემის შექმნით, ძალადობის წინააღმდეგ ახალგაზრდების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების წამოწყებით და დანაშაულთან ბრძოლის ჰუმანური სტრატეგიების დანერგვით არის შესაძლებელი. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ საკითხზე თქვენი პოზიციების მოსმენა.
ვიმედოვნებთ, ეს წერილი იქნება საწყისი წერტილი, რომელიც დაგვეხმარება, პოლიტიკური პროცესები ინკლუზიური, მრავალფეროვანი და უფრო დემოკრატიული გა
ვხადოთ და დავიწყოთ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე ფიქრი და ჯანსაღი საუბარი.
#youth_voices_of_Georgia
#საქართველოს_ახალგაზრდების_ხმები
#MarneuliDaily
#პოლიტიკა
#ახალიამბები