უკანონო „ბორდერიზაციის“ ახალი შემთხვევა სოფელ დვანთან
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარე ტერიტორიაზე ლითონის ბოძებს და მავთულხლართებს ამონტაჟებენ.
უკანონო ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი უკვე დაადასტურეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. სუსის მიერ 7 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გააქტიურდა ცხელი ხაზი და უკანონო პროცესის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.
„საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს.
საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.
უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“,- წერია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში და მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალას აკისრებს.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურობენ ქარელის და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში. მათ ჯერ კნოლევის მიმდებარე ტერიტორიაზე გაავლეს ახალი მავთულხლართები, შემდეგ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში გამოჩნდნენ და სახნავ-სათეს ფართობებში ახალი ხნულები და თხრილები გააკეთეს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32069672.html
Source: radiotavisupleba.ge