ბერლინიდან დღეს ჩარტერული რეისი შესრულდება
Tbilisi Daily
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2 ივლისს მორიგი ჩარტერული რეისი ისრაელის ქალაქ თელ-ავივიდან შესრულდა.
თელავივი, ამსტერდამთან, ვენასა და ბერლინთან ერთად, პირველი ოთხი ქალაქია, სადაც კომერციული ჩარტერული რეისების ფრენის ნებართვაა გაცემული. ინფორმაცია აღნიშნული ფრენების თაობაზე განთავსებულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საიტებზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ლევან კარანაძის განცხადებით, სააგენტოში ამჟამად განიხილება სხვა განაცხადებიც ჩარტერული რეისების თაობაზე.
„გადაწყვეტილება მიღებული იქნება, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება შეთანხმდება საკოორდინაციო საბჭოსთან, რომლის შემდეგაც ჩარტერულ რეისებს ფრენის ნებართვა მიენიჭებათ,“ - განაცხადა ლევან კარანაძემ.
მისი თქმით, შესაბამისად, თუკი ფრენების განრიგი განახლდება, ის დაუყოვნებლივ იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის ოფიციალური საინფორმაციო წყაროების მეშვეობით.
„მოვუწოდებ ჩვენს თანამოქალაქეებს, თვალი ადევნონ სათანადო საჯარო უწყებების ვებგვერდებს, სადაც ოპერატიულად აისახება ინფორმაცია ჩარტერული ფრენების შესახებ და მგზავრობის დასაგეგმად ამ ცნობებით იხელმძღვანელონ“, - განაცხადა ლევან კარანაძემ.
ფრენების განრიგის თანახმად, 3 ივლისს ჩარტერული ფრენა ბერლინიდან, 4 ივლისს ამსტერდამიდან და 5 ივლისს კი ვენიდან შესრულდება. დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საიტებზე.