არ დაუჯერა, რომ მხოლოდ მშვენიერ, სულთა კავშირზე აგებული სიყვარული იქნებოდა მარადიული...
Zugdidi Daily
ნიკოლოზ ბარათაშვილს უყვარდა ეკატერინე ჭავჭავაძე ( სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფალი; ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული). ის, ვისი დიდებული მშვენიერებაც მართლაც დედოფლად დაბადებულს დედოფლობას არ აარიდებდა… ბარათაშვილს კი რა შეეძლო…
1836 წლიდან მუშაობდა უბრალო მოხელედ სამართლისა და განჩინების ექსპედიციის კანცელარიაში. 1844 წელს დაინიშნა ნახჭევანში მაზრის მმართველის თანაშემწედ, 1845-ის ივნისში გადაიყვანეს განჯაში, სადაც ოთხ თვეში 27 წლისა მალარიით გარდაიცვალა.
შამილთან ტყვედ ჩავარდნილი ილია ორბელიანის სიტყვები ძალიან მოქმედებდა პოეტზე. “ილიკოს რა უთქვამს შამილისთვის:“შამილ! როგორ ეკადრება შენს სახელს მაგისთანა უწყალოება! თუ გინდა მაგით შეაშინო ვინმე, ვინ უნდა შეაშინო? ყველანი სიკვდილის შვილები ვართ. ჭეშმარიტად, ახლა მეც სიკვდილი მირჩევნია შენს ხელში ყოფნას!” – წერდა ბიძას, გრიგოლ ორბელიანს… ბარათაშვილსაც სიკვდილი ერჩივნა სულით გაღატაკებულ ადამიანთა წიაღში ყოფნას, რადგან ტყვეობა განაჩენი არ არის… განაჩენი ის უფროა, რომ გიყურებენ და ვერ გხედავენ, რომ გაგწირავენ და ვერ გრძნობენ…
ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანი.
ტატოზე უარი თქვა და დავით დადიანს გამოჰყვა სამეგრელოში. არ დაუჯერა, რომ მხოლოდ მშვენიერ სულთა კავშირზე აგებული სიყვარული იქნებოდა მარადიული (,,თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს…“), რომ მოჩვენებითი განცდით სავსე გული მალე გაგრილდებოდა…
ასეც მოხდა. პატარა კოლხეთი მისთვის მალე მოსაწყენი გახდა. ფიქრით გადასწვდა ყმაწვილქალობას, მიხვდა, რომ შეცდა… ტრფობა თურმე არ ბერდება და ყველაზე მეტად ის გრძნობები გიყვარს, ბავშვობაში რომ გეწვია…
თბილისი და ტატო მოენატრა. მის ნაჩუქარ კრებულში თავჩარგულმა ბარათს მიაწერა: ,,ან რა ბედნიერების ღირსი ვარ მე, დადიანებსა და მუხრანბატონებს შორის მერყეობაში, ციური ტახტი დავკარგე ბედშავმა“…
შვილის ყოლით გამოწვეულმა სიხარულმაც ძალიან დაიგვიანა, არადა, გადარჩენისთვის, სიცოცხლისთვის – ახალი სიცოცხლე სჭირდებოდა. ოთხი ეყოლა… დროთა მდინარებას სევდაც თან მოჰქონდა, ჯერ ქმარი დაკარგა, მერე დედოფლის გვირგვინი. პოლიტიკურმა ვითარებამ აიძულა სამთავრო დაეტოვებინა. ოდესისკენ მიმავალმა გემმა ღუზა შავ ზღვაში ჩაუშვა და დადიანების დინასტია სულ სხვა ნაპირზე გადაიყვანა.
თეთრი ღამეების ქალაქში გაგრძელდა მათი ცხოვრება. ალექსანდრე დიუმას შეხვდა იქ. მწერალი გააოცა ფრანგულ ენაზე თავისუფლად მოსაუბრე ქართველმა ბავშვებმა. შემდეგ კი, როდესაც ეკატერინე პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, სავიზიტო ბარათი – პარიზი, ამსტერდამის ქ
.#77
– ალექსანდრე დიუმა, ძალიან დაეხმარა. მწერალმა ბავშვები საუკეთესო სკოლაში მიიყვანა, მზრუნველობდა. მადლიერი ეკატერინე გრიგოლ ორბელიანს წერდა: ,, ღმერთმა დალოცოს ეს ხალხი, ქალაქიცა და ეს ადგილიც. ცივი და გაუთავებელი ზამთრის შემდეგ უცებ სამოთხეში აღმოვჩნდი. ასე მგონია ზუგდიდში, წინანდალსა თუ თბილისში ვარ, როგორ ჰგავს ეს მხარე, ეს მიდამო, ეს ცა, ეს ბუნება ჩემს საქართველოს“.
ემიგრანტი დადიანები ფრანგი არისტიკრატების წრეში ტრიალებდნენ, მთელი ევროპა მოიცვეს მოგზაურობით, მათ ყველაფერი ჰქონდათ, მაგრამ დედოფალი ხშირად მოგონებებით ირთობდა თავს და წერდა: ,,ჰოი, შენ წარსულო, შენი ფასი არაფერი ყოფილა ქვეყანაზე! ცხოვრება იქ არის, სადაც ბავშვობა და ახალგაზრდობაა. ეჰ, ღმერთსა ვთხოვ, რომ მშვიდობით დავბრუნდე შინ. ასეთ მოსვენებულსა და დამშვიდებულს მაინც სახლისკენ მიმიწევს გული. სამშობლო მაინც სხვა ყოფილა. ბედნიერია ის, ვინც ბედნიერია თავის სამშობლოში.“
ის, დაბრუნდა…
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#დადიანები
#ახალიამბები
#ისტორია
#ბარათაშვილი
#ლიტერატურა
#zugdididaily
წყარო: tvalsazrisi.ge