უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტი ჩვენს ისტორიულ სურვილს ეწინააღმდეგება - გამყრელიძე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კანონპროექტები ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ საქართველოს ევროანტლანტიკურ სწრაფვას საფუძველშივე ეწინააღმდეგება. ის დარწმუნებულია, საქართველოს პარლამენტი ამ კანონს არ მიიღებს, "იმიტომ, რომ ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას და ისტორიულ სურვილს, რომ ჩვენ, რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი. მხედველობაში მაქვს, შევიდეთ ევროკავშირში და საქართველოს ჰქონდეს ნატო-ს ფარი. ამიტომ, ეს კანონი საფუძველშივე ეწინააღმდეგება ჩვენს ამ სწრაფვას. მე ვერ დავიჯერებ იმას, რომ საქართველოს პარლამენტი შეიძლება წავიდეს საქართველოს მოსახლეობის სურვილის წინააღმდეგ, რამეთუ საქართველოს მოსახლეობის 85%-ს სხვადასხვა შეფასებით და რეფერენდუმებით უნდა, რომ ვიყოთ ევროკავშირის და ევროატლანტიკური სივრცის წევრი", - ამბობს გამყრელიძე. NCDC-ის ყოფილი დირექტორი თქმით, ის დარწმუნებულია იმაშიც, რომ გარკვეული ჯგუფის მიერ წარდგენილ კანონპროექტს პარლამენტართა უმრავლესობა არ დაამტკიცებს. "ბევრს ვიცნობ "ქართულ ოცნებაში" და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი შეიკავებენ თავს ამ კანონის მიღებისგან. თუ მიიღეს, თქვენთან ვეღარ ვილაპარაკებ, მეც აგენტი ვიქნები", - თქვა გამყრელიძემ აშშ-ის ემორის უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის 30-წლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავი ცერემონიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის პასუხად. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან გააძევა ათამდე დეპუტატი, სხდომის დაწყებიდან პირველივე საათში ორი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და ოპონენტები არაკონსტრუქციულობაში დაადანაშაულა. ბიუროს შეკრება, სადაც პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში კანონპროექტების შეტანის საკითხი უნდა გადაწყდეს, სამშაბათისთვის გადაიდო.   https://www.radiotavisupleba.ge/a/32304240.html

Source: radiotavisupleba.ge