გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე ბათუმში ხმაური იყო

Tbilisi Daily

აჭარის მთავრობის სახლთან, გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე ხმაური იყო. სამართალდამცავები გამსახურდიას ქუჩის გახსნას ცდილობდნენ, რის საშუალებაც აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. აღნიშნულ ადგილზე აქციის მონაწილეები დამატებითი კარვების გაშლას მოითხოვენ. მათი თქმით, დაშლას არ აპირებენ. „გუშინ ხალხმრავალი აქცია იყო და საზოგადოებრივი წესრიგი არავის დაურღვევია, მივმართავ პოლიციას, გადმოვიდეს ხალხის მხარეს, ხელისუფლება წავა, მათ კი ყველა უნდა დაგვიცვან“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, კოტე ანანიაშვილის თქმით, გუშინ აქციის მონაწილეებთან შეთანხმება შედგა, რომ თუ ხალხმრავლობა არ იქნებოდა, გამსახურდიას ქუჩას გახსნიდნენ. „ხედავთ, რომ არ არის ხალხის ის რაოდენობა, რის გამოც ქუჩა უნდა გადაიკეტოს, ჩვენ გვქონდა გუშინ ამაზე შეთანხმება და ისიც ვუთხარით, რომ საჭიროების და ხალხმრავლობის შემთხვევაში ჩვენ დავიცავდით და ჩვენ უზრუნველვყოფდით წესრიგს. დღეს, როცა ეს შევახსენეთ, გარკვეული ჯგუფი წამოვიდნენ პოლიციელებთან პროვოკაციაზე", - განაცხადა კოტე ანანიაშვილმა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.