სენატორი რიში მელიასთვის თავისუფლების აღკვეთას პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობად აფასებს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ამერიკელი სენატორი, რესპუბლიკელი ჯიმ რიში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილებას აფასებს კიდევ ერთ პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობად. "გადაწყვეტილება, რაც წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინასწარ პატიმრობას გულისხმობს, სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის", - განუცხადა რიშმა "ამერიკის ხმას". რესპუბლიკელი სენატორის თანახმად, "ბატონი მელიასთვის თავისუფლების აღკვეთა კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობაა, რაც ძალიან ხშირ მოვლენად იქცა და აუცილებლად გაართულებს მიმდინარე მოლაპარაკებებს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, საქართველოს მმართველობის შესახებ. ჩემი წუხილები ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუარესებაზე  დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა".  17 თებერვალს ღამით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას ადრე შეფარდებული აღკვეთის ზომა - გირაო პატიმრობით შეუცვალა. პროკურატურამ მელიას დაპატიმრება მას შემდეგ მოითხოვა, რაც მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საქართველოს პარლმენტში "ქართული ოცნების" უმრავლესობამ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. აქციაზე, რომელიც მთავრობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა, აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილიდან.  17 თებერვალს, მოამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების აღსრულება შსს-ს დაავალა. მელია ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. https://www.radiotavisupleba.ge/a/31108788.html #ახალი_ამბები #twitter