მერი ტრამპის განცხადებით პრეზიდენტი დამარცხების გამო გაცოფებულია
Tbilisi Daily
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დისშვილის, მერი ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი არჩევნებში დამარცხების გამო გაცოფებული და აღელვებულია.
"მას მსგავსი სიტუაცია არასდროს ჰქონია. საინტერესოა ის, რომ დონალდს მთელი ცხოვრების განმავლობაში ლეგიტიმურად არაფერი მოუგია. ის ისეთი ტიპის ადამიანია, ვინც ფიქრობს, რომ მაშინაც კი, თუ მოიპარავ და მოიტყუები გამარჯვებას მაინც იმსახურებ. ამაში არის რაღაც გარკვეული პოეტური სამართლიანობა, რადგან ის თვეების განმავლობაში იტყუებოდა. ახლა კი ამ ტაქტიკას მის წინააღმდეგ იყენებენ.
ვღელავ, რას მოიმოქმედებს დონალდი საპასუხოდ. ის ყველაფერს გააკეთებს ახალი ადმინისტრაციის დელეგიტიმიზაციისთვის, შემდეგ ჩვენს დემორალიზებას მოახდენს და აღმასრულებელ ბრძანებებს მოაწერს ხელს. ამასთან, გახსოვდეთ, რომ ამ პერიოდში ის ჯერ კიდევ პანდემიაზე პასუხისმგებელ პირად რჩება. მისი მეთვალყურეობის პერიოდში, შესაძლოა, კიდევ მილიონობით ამერიკელი დაიღუპოს", - აცხადებს მერი ტრამპი.
მერი ტრამპი პროფესიით ფსიქოლოგია და ბიძასთან წლებია დაძაბული ურთიერთობა აქვს. მიმდინარე წლის ზაფხულში მან დონალდ ტრამპის შესახებ წიგნიც კი გამოსცა, სახელწოდებით "ძალიან ბევრი და მაინც ყოველთვის ცოტა: როგორ შექმნა ჩემმა ოჯახმა მსოფლიოში ყველაზე საშიში ადამიანი".