"არა რუსულ კანონს" - ჟურნალისტები პარლამენტში "ხალხის ძალის" კანონპროექტს აპროტესტებენ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთხელ იმართება აქცია საპარლამენტო უმრავლესობის - "ხალხის ძალის" შემუშავებული კანონპროექტის გასაპროტესტებლად. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ეს არის რუსული კანონი და ხელისუფლებას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით მათი გაჩუმება უნდათ. "არ მოეწონათ რომ ვამხილეთ, რუსულ კანონს რომ გვახვევდნენ თავს. ახლა თქვეს, რომ სიტყვა-სიტყვით თარგმნეს ამერიკული კანონი. თქვენ ხომ ყველამ იცით, რომ [ამერიკული კანონი] ლობისტებზეა. თუ შეხედავთ ბიძინა ივანიშვილის კონტროლირებად ტელევიზიებს, ძირითადად ამერიკიდან და ევროპიდან დონორებს აშავებენ.   ახლა ამ კანონის არსია, რომ გაგვაშაონ და დაგვარქვან "უცხოური გავლენის აგენტი", არადა არაფერს არ ვაკეთებთ იმის გარდა, რომ ხალხს ინფორმაცია მივაწოდოთ და ხელისუფლების სახე დავანახოთ. ახლა ჩვენ და მოსახლეობა ვართ სამიზნეში. უნდათ, არ ჰქონდეთ ინფორმაცია", - თქვა "სტუდია მონიტორის" ხელმძღვანელმა ნინო ზურიაშვილმა, რომლის ორგანიზაციამაც არაერთი მასალა მოამზადა ხელისუფლების შესახებ. პარლამენტში ჟურნალისტების ამ აქციაზე მისვლა სურდათ სამოქალაქო აქტივისტებსაც. როგორც გაირკვა, მათ საშვები გაუუქმეს. მათ შესაყვანად საშვთა ბიუროსთან მივიდა ოპოზიციონერი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი. "ნეტგაზეთის" გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას დაცვის თანამშრომლებმა მოქალაქეების შეყვანის შესაძლებლობა არ მისცეს. კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან", წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში. კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" თქვა, რომ დაარეგისტრირებდნენ ამ კანონპროექტის მეორე ვერსიასაც, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის ანალოგი იქნებოდა. საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არის "რუსული კანონი, რომლის მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება და ამავდროულად ხელი შეუშალოს ქართველებს საზოგადოების სხვა წევრების დახმარების გაწევა გააგრძელონ".   https://www.radiotavisupleba.ge/a/32290077.html

Source: radiotavisupleba.ge