იენს სტოლტენბერგი: „ნატო გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ“ ბელარუსში

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ნატოელი მოკავშირეები „სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავენ ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების გამო და გმობენ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ“, - ამის შესახებ ნათქვამია ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მანამდე ანალოგიური შინაარსის განცხადება გაავრცელეს ევროკავშირის ხელმძღვანელებმა, ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების კომისარმა, ოლივერ ვარჰელმა და ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა. "ბელარუსის ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ფუნდამენტურ უფლებების, მათ შორის სიტყვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვას“, - ნათქვამია იენს სტოლტენბერგის განცხადებაში. ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები, რომელთა თანახმად, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ მიიღო ხმების 80%, ხოლო მისმა მთავარმა მეტოქემ სვიატლანა ციხანოუსკაიამ - 10%. ბელარუსის საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობითვე, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა იყო 84.23%. ამ შედეგების გამოცხადებას მოჰყვა მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები ბელარუსის მასშტაბით, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა. ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა მილიციის საგანაგებო დანაყოფი, რომელმაც წყლის ჭავლით, ხელკეტებითა და რეზინის ტყვიებით დაშალა აქციები და დააპატიმრა ასობით მოქალაქე.  ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკას გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ დაწყებული ძალადობისა და დაპირისპირების შედეგად, მილიციამ და საგანგებო ქვედანაყოფებმა დააპატიმრეს 3000-მდე მოქალაქე. არასამთავრობო ორგანიზაცია და დამოუკიდებელი მედია იუწყება, რომ პოლციის შეტაკების შემდეგ გარდაიცვალა ერთი ადამიანი და ათეულობით დაშავდა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30776290.html #ახალი_ამბები #twitter