ლატვიის თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ ტელეარხ „დოჟდის“ თანამშრომლები რუსეთში უნდა დაბრუნდნენ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსეთის ტელეარხ „დოჟდის“ თანამშრომლები, რომლებიც ახლა მუშაობენ ლატვიაში, რუსეთში უნდა დაბრუნდნენ, ხოლო ამ ქვეყანაში მათი ცხოვრების უფლება უნდა გაუქმდეს, განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, არტის პაბრიკსმა 2 დეკემბერს. ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში ის წერს, რომ „პროცესი უკვე დაიწყო“, თუმცა დეტალები არ გაუმხელია.
პაბრიკასის განცხადება გავრცელდა მას მერე, რაც „დოჟდის“ ერთ-ერთმა წამყვანმა, ალექსეი კოროსტელიოვმა ეთერში განაცხადა, რომ არხი ეხმარება რუსეთის არმიას, რომელიც უკრაინაში იბრძვის „აღჭურვილობით,“ თუმცა არ დააზუსტა, რას აკეთებს ის ზუსტად.
„იმედი გვაქვს, რომ შევძელით ბევრი (რუსი) სამხედროს დახმარება, მაგალითად, ტექნიკით და ფრონტზე პირველადი საჭიროების საგნებით“ - თქვა კოროსტელიოვმა 1 დეკემბერს, როცა არხზე მიჰყავდა გადაცემა „აქ და ახლა.“
ლატვიის მედიის მარეგულირებელმა, NEPLP-მა "დოჟდი" ათი ათასი ევროთი დააჯარიმა ამ ინციდენტისთვის და განაცხადა, რომ ამგვარი დარღვევის განმეორების შემთხვევაში არხმა შეიძლება დაკარგოს მაუწყებლობის ლიცენზია.
2 დეკემბერს ლატვიის უშიშროების სამსახურმა , VDD-მ დაიწყო გამოძიება „დოჟდის“ მიმართ და განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის მიმართ ნებისმიერი მხარდაჭერა მიუღებელია მედია ორგანიზაციისთვის, რომელიც ლატვიაში მუშაობს.
„დოჟდის“ მთავარმა რედაქტორმა, ტიხონ ძიატკომ განაცხადა, რომ არხი „რუსეთის არმიას არ უწევდა, არ უწევს და არ გაუწევს დახმარებას“.
არხის პრესმდივანმა, ეკატერინე კოტრიკაძემ განაცხადა, რომ „დოჟდი“ „წყვეტს თანამშრომლობას“ კოროსტელიოვთან, რომელიც ახლა, სავარაუდოდ, დაითხოვეს სამსახურიდან.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32160436.html
Source: radiotavisupleba.ge