მეტრომშენში თანატოლის დაჭრაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

თბილისში, მეტრომშენის დასახლებაში თანატოლის დაჭრის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომა, რომელიც დღეს, 2 ივნისს გაიმართა, მასში არასრულწლოვნის მონაწილეობის გამო დახურული იყო, ინფორმაციას კი თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. ამ სხდომაზე მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და მიიჩნია, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების (პატიმრობის) გამოყენების, როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. "საქმის მასალების თანახმად, 2022 წლის 30 მაისს, თბილისში, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი გარჩევისა და ჩხუბის დროს, ბრალდებულმა ხელთ არსებული დანის გულმკერდის და მუცლის არეებში ორჯერ დარტყმით სცადა 15 წლის ლ.ა.-ის განზრახ მკვლელობა, თუმცა დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა..." - აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. თანატოლის დაჭრისთვის ბიჭის დაკავების შესახებ ცნობილი მედიისთვის 31 მაისს გახდა. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის, 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. შემთხვევა 30 მაისს მოხდა. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ მეტრომშენში დაახლოებით 13:00 საათზე გაიგეს ხმაური, რის შემდეგაც, რამდენიმე წუთში, ავტოსადგომებიდან გამოიყვანეს დაჭრილი მოზარდი. https://www.radiotavisupleba.ge/a/31880245.html

Source: radiotavisupleba.ge