500-მდე მეხანძრე საქართველოში ხანძრის 7 კერას ამ დრომდე აქრობს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამ დრომდეა ხანძრები. 500-მდე მეხანძრე საქართველოში ხანძრის 7 კერას ამ დრომდე აქრობს. "არც ერთ მათგანზე გართულება არ ყოფილა. გათენებისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა განაახლეს მუშაობა ყველა მიმართულებით. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ყველგან ექვემდებარება, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ამ ხნის განმავლობაში, ტყისა და მინდვრის ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა", - აცხადებენ უწყებაში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნავენ, რომ არსებული 7 კერიდან 3 კერა ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.  ხანძარი რეგიონების მიხედვით: შვიდი კერიდან 4 სამეგრელოშია, მათ შორის, ერთი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სამზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები; 2 კერაა წალენჯიხაში, სოფელ სქურში, ერთი სოფელ ფახულანში და ერთიც მარტვილში, სოფელ დობარაზენში; ​2 კერაა დარჩენილი რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, მათ შორის, ერთი ლოკალიზებული. ონში რჩება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ქრობის სამუშაოებში; ონში, სოფელ ონჭევის და წოლას მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხოლო ამბროლაურში, სოფელი აბარში, გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები; ხანძარი ლოკალიზებულია, ასევე, შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. "[მოსახლეობას მოვუწოდებთ] თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე", - ვკითხულობთ განცხადებაში. https://www.radiotavisupleba.ge/a/31038513.html #ახალი_ამბები #twitter #რეგიონები_