ზუგდიდში მარტოხელა და ხანდაზმული პირებისთვის სოციალური საცხოვრებლის მშენებლობას გეგმავენ.
Zugdidi Daily
ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე ხანდაზმული, მარტოხელა და მარტომცხოვრები პირებისთვის სოციალური საცხოვრებლის აშენებას გეგმავენ.
მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ჯამში მისი ღირებულება 45 ათას ლარს შეადგენს.
დოკუმენტების მიხედვით, იგეგმება 20 ბინიანი ორსართულიანი სახლის მშენებლობა, რომელიც, დაახლოებით, 50 ადამიანზეა გათვლილი. შენობას ექნება ლიფტი და ცენტრალური გათბობა. პირველ სართულზე განთავსებული იქნება სხვადასხვა აქტივობების ჩასატარებელი ოთახი. ბინები აღჭურვილი უნდა იყოს ავეჯით, გაზქურით, მაცივრით და სარეცხი მანქანით. დაგეგმილია ეზოს კეთილმოწყობა, სადაც გათვალისწინებულია ბილიკები უსინათლოებისთვის.
მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი გოგო რევია ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს :
„ეს იქნება კეთილმოწყობილი და ყველა საჭირო ნივთით აღჭურვილი შენობა. აქ ბენეფიციარები, სავარაუდოდ, დროებით იცხოვრებენ. ჯერ დებულება არ არის შედგენილი და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვიცი, რომ კეთდება ძალიან სასარგებლო და საჭირო საქმე. თუ როგორ იქნება ბენეფიციარების შერჩევა, რამდენ ხანს დარჩებიან ისინი საცხოვრისში, ამ თემებზე სწორედ ამ დებულების შედგენის შემდეგ შევძლებთ საუბარს.”
სოციალური საცხოვრისის მშენებლობა მომავალ წელს იგეგმება და ამისთვის საჭირო თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქნება გამოყოფილი.
#ზუგდიდი #მარტოხელაპირები #სოციალურისახხოვრებელი #პროექტი #ტენდერი #მერია #zugdididaily
_____________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com