ცხოვრება წვიმის შიშით

Tbilisi Daily

ყოველი გაწვიმებისას საფრთხის შიშში ცხოვრება ქობულეთში, გელაურის დასახლების მცხოვრებლებითვის წლებია უცხო არ არის. მდინარე აჭყვა ყოველი წვიმის დროს კალაპოტიდან გადმოდის და საცხოვრებელებს საფრთხეს უქმნის. იტბორება საკარმიდამო ნაკვეთებიც. გელაურის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. "1992 წლიდან შიშში გვიწევს ცხოვრება. არცერთ უხვნალექიანობას არ ჩაუვლია ისე, ჩვენთვის ზარალი რომ არ მოეტანოს. სახლებიც არაერთხელ დაგვეტბორა და ნათესებიც. ვითხოვთ დახმარებას, შიშში როდემდე უნდა ვიცხოვროთ?" - ამბობს გელაურის დასახლებაში მცხოვრები ჯემალ ვერულიძე. რა კეთდება ამ მიმართულებით? - ვკითხეთ ადგილობრივ ხელისუფლებას. ქობულეთის მერიაში პრობლემის მოგვარებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ. მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე ამბობს, რომ პროექტზე მუშაობა დაწყებულია და მას საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით განახორციელებენ. პროექტის ღირებულება ამ ეტაპზე უცნობია.