უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა მობილიზაციის გამო ჩაკეტა როსტოვის ოლქი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე, სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელეს 5 სარაკეტო და 12 საავიაციო დარტყმა, 83-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით და 4 - უპილოტო საფრენი აპარატებით. გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად, ინფრასტრუქტურა დაზიანებულია დონეცკის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის და ოდესის ოლქების 40-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში. უკრაინული სარდლობის ცნობით, სხვა მიმართულებებით მოწინააღმდეგე იყენებდა ტანკებს, ნაღმმტყორცნებს და არტილერიას. გენერალური შტაბის თანახმად, ბოლო 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქვედანაყოფების შეტევები მოიგერიეს 13 დასახლებულ პუნქტთან. შტაბის ცნობითვე, უკრაინის საჰაერო ძალებმა განახორციელეს 33 დარტყმა და 25 რაიონში გაანადგურეს მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და ტექნიკის თავმოყრის ადგილები, ხოლო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსული საბრძოლო თვითმფრინავი სუ-25, ვერტმფრენი მი-8 და 2 უპილოტო საფრენი აპარატი. სარდლობის ინფორმაციით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ძალებმა იერიში მიიტანეს მოწინააღმდეგის პოზიციებზე 12 რაიონში, მათ შორის მართვის პუნქტებზე, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებსა და საბრძოლო მასალების საწყობებზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობითვე, რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის გამო, აიკრძალა როსტოვის ოლქიდან გასვლა და იქ ჩაწერილი მოქალაქეები სამი დღის გამავლობაში უნდა გამოცხადდნენ გაწვევის პუნქტებში, ბელგოროდის ოლქში მობილიზებულებისგან კი, მოითხოვენ, რომ საკუთარი ხარჯით შეიძინონ თბილი ტანსაცმელი. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთი მობილიზაციას განაგრძობს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, მათ შორის ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოში, სადაც შესაბამის უწყებებს უგზავნიან ყველას, ვინც 18 წლის ასაკს უკვე მიაღწია, სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს კი, პირდაპირ სამხედრო ნაწილებში აგზავნიან.   https://www.radiotavisupleba.ge/a/32052014.html

Source: radiotavisupleba.ge