სააკაშვილი: ერთ დროს ჩვენ ვიყავით ფლაგმანები და ახლა სად ვართ?
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
„მე მინდა იცოდეთ, როგორ დავიხსენით საქართველო უბრალოდ სამხრეთ კავკასიის ქვეყნის სტატუსიდან და გადავიყვანეთ აღმოსავლეთ ევროპაში. 2008 წლის სექტემბერში შევიკრიბეთ მე, შვედეთისა და პოლონეთის საგარეო მინისტრები, კარლ ბილდტი და რადეკ სიკორსკი, ევროკომისიის თავმჯდომარე ბაროსო. მაშინ ბაროსომ მითხრა, რომ ჩვენ უნდა შეგვექმნა აღმოსავლეთის პარტნიორობა, როგორც პასუხი საქართველოზე რუსეთის თავდასხმაზე. "თუ გაიმარჯვებთ თქვენ, რუსეთი დამარცხდება და მე მინდა ის დამარცხდეს", - თქვა ბაროსომ.
თავდაპირველად, ვარაუდობდნენ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ჩართვას. ჩემი წინადადებით დაამატეს ბელარუსი და სომხეთი. ბელარუსი ძალიან ბედნიერი იყო, ხოლო სომხეთში მე და ბაროსოს ერთად მოგვიხდა ჩაფრენა და მაინც არაფერი გამოგვივიდა, იმდენად დიდი იყო რუსეთის შიში ერევანში.
ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ ერთ დროს ჩვენ ვიყავით ფლაგმანები და ახლა სად ვართ?
მეცინება, ტელევიზიით როდესაც მესმის, რომ საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებას რამის კეთება ვაიძულოთ. ათი წელი არ გვეყო იმის გაგება, რომ ვერავის ვერაფერს ვაიძულებთ?! ძალიან უკბილო ხუმრობად ჩანს უკვე ეს. მომაბეზრებელია ტელევიზიით ოპონენტების ყურება, რომ თურმე თუ ხელისუფლება ვერ დავარწმუნეთ, არაფერი გამოვა. ეს არის საკუთარი თავების და ხალხის მოტყუების მცდელობა", - ნათქვამია სააკაშვილის წერილში, რომელიც „ფეისბუკზე" მის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს.
დღეს, 23 ივნისს, ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ (14-მა თავი შეიკავა) მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიცემის შესახებ.
17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება. ევროკომისიის რეკომენდაციებს თან ახლავს სამივე ქვეყნის მიერ შესასრულებელი პირობების ჩამონათვალი.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შესასრულებელ 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.
საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები მიიღებენ ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე. რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31912240.html
Source: radiotavisupleba.ge