ამომრჩევლის აქტივობა 17 საათისთვის 45,77%-ია

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ამომრჩევლის აქტივობა 17 საათისთვის 45,77%-ია და 1 607 530 ადამიანს შეადგენს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ მე-19 რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა. აქტივობა აღნიშნულ ოლქში 57,3 %-ია. ყველაზე დაბალი აქტივობა 17 საათისთვის ქვემო ქართლში გამოვლინდა და 41,0 პროცენტი შეადგინა. საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს. საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ. საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“. https://www.radiotavisupleba.ge/a/30922910.html #ახალი_ამბები #twitter