გარდაბანში 50 ინფიცირებულიდან 30 ყარაჯალარიდანაა

Tbilisi Daily

გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 50 შემთხვევიდან, 30 სოფელ ყარაჯალარშია გამოვლენილი. კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გარდაბნის მუნიციპალიტეტში 50-მდე გაიზარდა. გაჩიანის ზონაში ეპიდემიოლოგთა ექვსი ჯგუფი მუშაობს. კვლავ ჩაკეტილია სოფელი ყარაჯალარი. გამოვლენილი შემთხვევების გამო იქ საკარანტინო რეჟიმი ხუთი დღის წინ ამოქმედდა. ახალი შემთხვევებიდან ერთი 6 წლის ბავშვია. მთლიანობაში რეგიონში 3 400-მდე ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზი გაკეთდა. გარდა ინფიცირებულებთან კონტაქტებისა, საჯარო და მომსახურების სფეროს წარმომადგენლებიც გამოიკვლიეს. ყარაჯალარის გარდა, გამოკვლევები აქტიურად მიმდინარეობს ახთაკლიასა და პირლიკში, სადაც ეპიდემიოლოგები ახლაც მუშობენ და მათი ჯგუფები შესაძლოა, დღის განმავლობაში გაიზარდოს. „ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს დილით 388 კვლევის შედეგი მივიღეთ და მათგან ერთი დადასტურებული შემთხვევაა სოფელ ყარაჯალარში. მთლიანობაში გარდაბნის მუნიციპალიტეტში 50 შემთხვევაა დადასტურებული დღეის მდგომარეობით და ყარაჯალარში ჯამურად, ამ ერთის დამატებით, არის 30 დადასტურებული ფაქტი“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა. მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის კუთხით ადგილობრივ მოსახლეობას ყველა საშუალება აქვს თავიანთი აქტივობები განახორციელონ, ისევე როგორც არ არის შეფერხება დისტრიბუციისა და ადგილიდან პროდუქტის გატანის კუთხით. საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1137 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 922 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა. #ახალიამბები