"ლევადა-ცენტრის" გამოკითხვის თანახმად, პუტინს 23% ენდობა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
„ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გამოკითხულთა 23% ენდობა.
გამოკითხვა ჩატარდა ე.წ. ღია შეკითხვის მეთოდით, როცა რესპონდენტებს სთხოვენ, თავად დაასახელონ პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, რომლებსაც ენდობიან.
ერთი წლის წინ, 2019 წლის ზაფხულში, პუტინისადმი ნდობა 40% იყო, 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი 59%-ს აღწევდა.
გარდა ამისა, წლევანდელი კვლევის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე პუტინის საქმიანობა გამოკითხულთა 60%-მა დადებითად შეაფასა, 33%-მა კი - უარყოფითად. ნახევარი წლის წინ ეს თანაფარდობა 68-31 იყო.
უკანასკნელ თვეებში პუტინს აკრიტიკებდნენ იმისთვის, თუ როგორ რეაგირებდა კორონავირუსის ეპიდემიაზე. პროტესტი გამოიწვია ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებმა, რაც მას თანამდებობაზე კიდევ ორი ვადით დარჩენის საშუალებას აძლევს.
ნდობის რეიტინგში პუტინს მოსდევენ პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ - მათ 10-10 პროცენტი უცხადებს ნდობას.
გამოკითხვის ფარგლებში რესპონდენტებს დაუსვეს ტრადიციული შეკითხვა - სწორი მიმართულებით მოძრაობს თუ არა ქვეყანა. მას 42%-მა დადებითად უპასუხა (შარშან ეს მაჩვენებელი 52% იყო), 40% კი ფიქრობს, რომ რუსეთი არასწორი მიმართულებით მიდის.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30755077.html
#ახალი_ამბები
#twitter