"ფანჯრებს აღებდნენ ადამიანები და შველას ითხოვდნენ, თეთრ ზეწრებს აფრიალებდნენ.."
Batumi Daily
სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შესახებ შეტყობინება სამაშველო სამსახურში 2017 წლის 24 ნოემბერს, 20:01 საათზე შევიდა. საქართველოს ათი, ხოლო ირანის ერთი მოქალაქის სიცოცხლე ბათუმში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა შეიწირა.
სასტუმროს საქვაბესა და სპა სალონში გაჩენილმა ცეცხლმა ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ მეხანძრეები და მაშველები „ლეოგრანდში“ გამოძახებიდან ოთხ წუთში მივიდნენ, ცეცხლის კერების დროული ლოკალიზება და ადამიანების ორგანიზებული ევაკუაცია ვერ მოხერხდა.
11 გარდაცვლილიდან, ორი - სასტუმროს სატრენაჟორო დარბაზში, ერთი - საცურაო აუზში, რვა - კი ლიფტთან იპოვეს. ყველა მათგანი გაგუდვის შედეგად დაიღუპა. ხანძრის დროს ლიფტით სარგებლობა დაუშვებელია, თუმცა ამის შესახებ პანიკაში ჩავარდნილი „ლეოგრანდის“ სტუმრები, არავის გაუფრთხილებია.
ტრაგედიის დროს სასტუმროში მყოფი ერთ-ერთი პირი იხსენებს, რომ იმ საღამოს სასტუმროს მეშვიდე სართულზე იმყოფებოდა, როდესაც ძლიერი დაკვამლიანება დაიწყო.
„უეცრად შუქი ჩაქრა და ძლიერი კვამლი შევნიშნეთ. სასტუმროს თანამშრომელმა დაიყვირა - ხანძარიაო. დაახლოებით 15 წუთში დადგა წარმოუდგენელი, შავი კვამლი, საშინელი სუნით, ისეთი, რომ შენობაში შესვლა და კიბით ქვემოთ ჩასვლა შეუძლებელი იყო. ამ დროს დავინახეთ ნომრებიდან ფანჯრებს აღებდნენ ადამიანები და შველას ითხოვდნენ, თეთრ ზეწრებს აფრიალებდნენ. მეხანძრეები მოვიდნენ, მაგრამ თითქმის ორი საათის განმავლობაში ვერ ამოდიოდნენ შენობაში კვამლის გამო. ვცადეთ რესტორნის მინების ჩამსხვრევა, რომ კვამლი გარეთ გასულიყო, თუმცა ვერ მოვახერხეთ."
მეხანძრე-მაშველებმა სასტუმროს შენობიდან 100-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.
ბათუმის იმ დროინდელმა ვიცე-მერმა, თენგიზ პეტრიძემ განაცხადა, რომ სასტუმრო „ლეოგრანდი“ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის რამდენჯერმე დააჯარიმეს. მისივე განმარტებით, სასტუმროს არ გააჩნდა საევაკუაციო გეგმა და ცეცხლმქრობის საკმარისი რაოდენობა.
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ლეო გრანდის“ მფლობელი კომპანია „მერსინ ტურიზმი" გახლდათ, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა დააფუძნეს 2011 წელს. 20-სართულიან, 180-ნომრიან სასტუმროში 40-მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სასტუმრო „ლეოგრანდის“ მშენებლობა 2015 წელს დასრულდა და ამავე წელს საზეიმოდ გაიხსნა. ტრაგედიის შემდეგ, სასტუმროს სახელი გადაერქვა და დღემდე "ველმონდი" ჰქვია.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში