პეტრას ციხე - "ქაჯეთის ციხე" აჭარაში

Tbilisi Daily

ისტორია ზღვის პირას, კლდოვან ბორცვზე მდებარეობდა პეტრას აკროპოლისი, რომელიც მიუვალ ციხედ ითვლებოდა. აქედან მოდის "პეტრას ციხის" ბერძნული სახელწოდება. „პეტრა“ ქვას, კლდეს აღნიშნავს. აქ დღემდეა შემორჩენილი ციხის, სასახლისა და ჯარისკაცთა საცხოვრებლის ნანგრევები, მათ შორის, VI-VII საუკუნეების ბაზილიკის საძირკველი, რომელიც პეტრას საეპისკოპოსო კათედრალის ნაშთია და სხვა საინტერესო არტეფაქტები. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“ მრავალჯერ ნახსენები ქაჯეთის ციხე სწორედ პეტრას ციხე-სიმაგრეა. როგორც წყაროებიდან ვიგებთ, ბიზანტიელთა მიერ დიდი ციხე-ქალაქის აგებამდე აქ ლაზთა მცირე სიმაგრე ყოფილა, მაგრამ მისი კვალი აღარ შეინიშნება. ხელსაყრელი სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო ლაზების ამ უძველეს სამოსახლო ადგილზე VI საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით ციხე ააშენა იოანე სტრატეგოსმა 535 წელს, რომელსაც ამ იმპერატორის პატივსაცემად „იუსტინიანეს ქალაქი“ უწოდეს. ქალაქის ტერიტორიაზე გადიოდა ზღვისპირა ვიწრო გზა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ბიზანტიის პროვინციებთან, ირანთან და სომხეთთან აკავშირებდა. პეტრა კონტროლს უწევდა ბიზანტიიდან შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსაკენ მიმავალ საზღვაო-საკაბოტაჟო ნაოსნობას. ბიზანტია და ირანი დაინტერესებული იყვნენ, რომ პეტრა მათ მფლობელობაში ყოფილიყო, რადგან მათი პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპანსია ამ რეგიონში პეტრის კონტროლზე იყო დამოკიდებული. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი VI საუკუნის შუაწლებში ეგრისის დიდი ომისა. ომის განმავლობაში პეტრასთან რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა. საქართველოს ერთიანი სამეფოს პერიოდში, როგორც ჩანს, აქ ქალაქი აღარ არსებობდა, X საუკუნიდან უნდა გაუქმებულიყო საეპისკოპოსოც, თუმცა ციხემ შემდგომშიც შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა. შუა საუკუნეებში მას ქაჯისციხეს უწოდებდნენ. ვენეციელი დესპანის ამბროზიო კონტარინის ცნობით XV საუკუნის 70-იან წლებში აქ კიდევ ყოფილა პატარა ქალაქი, რომელსაც იგი დამახინჯებული ფორმით „კალტიხეა“-ს (ქაჯეთის ციხე) უწოდებს. XVIII საუკუნის 20-იან წლებში ციხისძირი ოსმალებმა დაიპყრეს და ძლიერადაც გაამაგრეს. ყირიმის ომის დროს აქ მათ 25 ზარბაზანი ედგათ. რუსეთ-თურქეთის ომებისას (XIX ს.) ციხისძირთან რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, მაგრამ მისი აღება ვერ მოხერხდა. 1878 წელს ციხისძირი საქართველოს დაუბრუნდა ბერლინის ტრაქტატით. ციხის დასავლეთი ნაწილი ბაქო-ბათუმის რკინიგზის გაყვანის დროს მე-19 საუკუნეში ააფეთქეს. ისტორიული ძეგლი არქეოლოგიური კომპლექსი მოიცავს ციტადელს. გარექალაქსა და ნასახლარს. ციტადელში შემორჩენილია სასახლის, ანტიკური აბანოს, სამეურნეო და ჯარისკაცთა საცხოვრებლების ნანგრევები, აგრეთვე მათ შორის VI-VII საუკუნეების ბაზილიკის საძირკველი, რომელიც პეტრის საეპისკოპოსოს კათედრალის ნაშთია. XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე ამ ციხე-ქალაქის თავგადასავალი ისტორიკოსთა განხილვის საგანია. აქ რამდენიმე სადაზვერვო გათხრა ჩატარდა პირველი 1934 წელს ს. ჯანაშიას მიერ, ხოლო მეორე 1953 წელს ნ. ხოშტარიას ხელმძღვანელობით. 1908 წელს აქ აღმოჩინეს მდიდარი სამარხი (ნაპოვნია ოქროს ჩარჩოში ჩასმული დიდი ბროლი, რომელიც ერმიტაჟში ინახება.). ნ. ხოშტარიას აზრით გათხრებისას აღმოჩენილი განძის კვლევამ დაადგინა რომ პეტრას ციხე ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ერისთავის სარეზიდენციო პუნქტი ყოფილა. "პეტრას ციხის" დათვალიერება თითოეულ სეზონზე ამაღელვებელია, რადგან ციხე-სიმაგრიდან იშლება დაუვიწყარი ხედი. ცნობისთვის, პეტრას ციხე ზღვის დონიდან 440 მეტრზეა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს ფოტოები: Georgian Travel Guide დამხმარე წყაროები: GoBatumi / Georgian Travel Guide / "საქართველო და აბრეშუმის სავაჭრო გზები". #GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები