ონლაინ სწავლება ბაღებსა და უნივერსიტეტებში ინერგება

Batumi Daily

დისტანციური სწავლება უფრო მეტ დაწესებულებაში ინერგება აჭარის მასშტაბით. ქედაში, ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადებით, დისტანციურ სწავლებაზე ბაღებიც გადავიდნენ. რა უნდა ისწავლონ ბაღში ბავშვებმა დისტანციურად? აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ბავშვებს პედაგოგები მშობლების დახმარებით დაუკავშირდებიან. ონლაინ სწავლება იმ ასაკის აღსაზრდელებზეა გათვლილი, ვინც სკოლამდელი ასაკისაა და შესაბამისად, სკოლისთვის მოსამზადებელ პროგრამას დისტანციურად გაივლიან. ქედის ბაღებთან ერთად, ქედის სახელოვნებო სკოლაც დისტანციურად იმუშავებს. ონლაინ ჩატარდება ვოკალისა და ფორტეპიანოს გაკვეთილები. მედიაში გავრცელებული ცნობების შემდეგ, ონლაინ-სწავლებაზე მხოლოდ ფორმალურად გადავიდა წმ. ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, ანუ იგივე ხიჭაურის უნივერსიტეტი. ამის შესახებ 10 აპრილს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განახლება დაიდო, სადაც ადმინისტრაციამ დაგვიანებული გადაწყვეტილების მიზეზიც ახსნა: "დისტანციური სწავლა/სწავლება ახალი გამოწვევაა საგანმანათლებლო სივრცეში, აქედან გამომდინარე დისტანციური სწავლების ორგანიზებასა და ადმინისტრირებას გარკვეული დრო დასჭირდა, შესაბამისად უნივერსიტეტში დისტანციურ სწავლაზე გადასვლა მოხდება ეტაპობრივად, სპეციალობების მიხედვით. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სტუდენტები და პროფესორ - მასწავლებლები ეტაპობრივად იქნებიან ინფორმირებულნი უნივერსიტეტის მხრიდან". თუმცა, როგორც "ბათუმელები" სტუდენტებზე დაყრდნობით წერს, პაქტობრივად პროცესი ჯერ არ განახლებულა. ადმინისტრაციაში რედაქციას უთხრეს, რომ ეტაპობრივად 27 აპრილიდან განაახლებენ პროცესს. #ხიჭაური #ბაღები #ქედა #online #batumidaily